რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

Reuters: სადაზვერვო ინფორმაცია აჩვენებს, რომ კურსკში უკრაინელები "ალყაში მოქცეულები" არ არიან

კურსკის ოლქის ერთ-ერთი მონაკვეთის სატელიტური გამოსახულება, 2024 წლის 21 აგვისტო
2024 Planet Labs Inc/Handout via REUTERS/File Photo

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებების საპირისპიროდ, რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროები ალყაში არ არიან, თუმცა მათ ბოლო დღეებში უკან დაიხიეს. ინფორმაციას Reuters 3 ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც ინფორმირებული არიან თავიანთი მთავრობების სადაზვერვო მონაცემებზე. 

წყაროების ცნობით, ამერიკულმა სადაზვერვო სააგენტოებმა, მათ შორის, CIA-მ გასული კვირის განმავლობაში თეთრ სახლს თავიანთი შეფასებები გააცნეს. ამის მიუხედავად, როგორც Reuters წერს, ტრამპი კვლავ აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ რუსებმა უკრაინელები კურსკის ოლქში "ალყაში მოაქციეს". 

ანონიმური მაღალჩინოსნების თქმით, ამერიკული და ევროპული სადაზვერვო მონაცემები აჩვენებენ, რომ უკრაინული ჯარები რუსული ძალებისგან ინტენსიურ წნეხს განიცდიან, თუმცა ისინი არ არიან სრულად ალყაში მოქცეული. 

14 მარტს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სთხოვა, დაენდო "ათასობით ალყაშემორტყმული უკრაინელი". პუტინმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ის ამას გააკეთებდა, თუ უკრაინელი სამხედროები დანებდებოდნენ. 

ის, რომ უკრაინული ძალები კურსკში რუსების ალყაში იყო მოქცეული, ტრამპმა 14 მარტის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა - 17 მარტს ვაშინგტონის კენედის ცენტრში მედიასთან საუბრისას, ხოლო 18 მარტს Fox News-თან მიცემულ ინტერვიუში. 

ტრამპის 14 მარტის განცხადებიდან მალევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნული უარყვეს. 

"ცნობები, თითქოს კურსკის ოლქში უკრაინულ ერთეულებს "ალყა" აქვთ შემორტყმული, სინამდვილეს არ შეესაბამება და რუსების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვისა და უკრაინასა და მის პარტნიორებზე ზეწოლისთვის არის შექმნილი. 

გასული დღის განმავლობაში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. კურსკის სამხედრო დაჯგუფების ოპერაციულ არეში საომარი ოპერაციები მიმდინარეობს". - წერდა უკრაინის გენშტაბი 14 მარტს. 

"ჩვენი ძალების ოპერაცია კურსკის რეგიონის განსაზღვრულ ზონებში გრძელდება. დანაყოფები ზუსტად ასრულებენ მათზე დაკისრებულ ამოცანებს. უკრაინული ძალების მოქმედებების შედეგად კურსკის რეგიონში, მნიშვნელოვანი რაოდენობის რუსული ძალები სხვა მიმართულებებიდან იქნა გადმოყვანილი. ჩვენი ჯარები აგრძელებენ რუსული და ჩრდილოეთ კორეული დაჯგუფებების შეკავებას კურსკის რეგიონში. ჩვენ სამხედროებს ალყა შემორტყმული არ აქვს". - განაცხადა ზელენსკიმ 15 მარტს. 

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში ოპერაცია 2024 წლის აგვისტოში დაიწყეს.

არსებული ცნობებით, ამ დროისთვის უკრაინული ძალები ოლქში უკან იხევენ. 16 მარტს უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქის ქალაქი სუჯა დატოვეს. 

კომენტარები