რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კურსკში ჩვენს ერთეულებს "ალყა" შემორტყმული არ აქვთ – უკრაინის გენშტაბი

უკრაინელი სამხედროები სუმის ოლქში, კურსკის ოლქის საზღვრის მახლობლად
REUTERS/Viacheslav Ratynskyi

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უარყოფს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებებს, რომ კურსკის ოლქში უკრაინული ერთეულები ალყაში არიან მოქცეულები. 

გენშტაბის თანახმად, მცდარ ცნობებს რუსული მხარე პოლიტიკური მიზნებისთვისა და უკრაინაზე ზეწოლისთვის ქმნის. 

ამის შესახებ გენშტაბი განცხადებას Facebook-ზე ავრცელებს. 

"ცნობები, თითქოს კურსკის ოლქში უკრაინულ ერთეულებს "ალყა" აქვთ შემორტყმული, სინამდვილეს არ შეესაბამება და რუსების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვისა და უკრაინასა და მის პარტნიორებზე ზეწოლისთვის არის შექმნილი. 

გასული დღის განმავლობაში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. კურსკის სამხედრო დაჯგუფების ოპერაციულ არეში საომარი ოპერაციები მიმდინარეობს". - წერია გენშტაბის განცხადებაში. 

განცხადების თანახმად, კურსკში უკრაინის სამხედრო ერთეულები გადაჯგუფდნენ და "უფრო ხელსაყრელ თავდაცვის ხაზებზე გადაადგილდნენ". 

"ჩვენი ჯარისკაცები მტრის შეტევით ქმედებებს იგერიებენ და მათ ყველა ტიპის იარაღის გამოყენებით ცეცხლით ზიანს ეფექტიანად ვაყენებთ. დღის დასაწყისიდან კურსკის ფრონტზე 13 საომარი დაპირისპირება მოხდა. ჩვენი ერთეულებისთვის ალყის შემორტყმის საფრთხე არ არსებობს". - წერია განცხადებაში. 

დღეს, 13 მარტს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსეთის არმიის მიერ ალყაშემორტყმული უკრაინელების დანდობა სთხოვა. 

12 მარტს, დღის პირველ ნახევარში რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა კურსკის ოლქში, ქალაქ სუჯის ცენტრში შეაღწიეს. 

გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც ჩანდა, რომ რუსი სამხედროები რუსეთისა და სხვადასხვა დანაყოფების დროშებს ქალაქის ცენტრში შლიდნენ.

ამას გარდა, უკრაინულმა სამხედრო-ანალიტიკურმა პროექტმა DeepState-მა, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთანაა დაახლოებული, გამოაქვეყნა ცნობა, რომ ბრძოლები სუჯის გარეუბნებში ვრცელდებოდა. მათ მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე ჩანს, რომ ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლს მიღმაა დარჩენილი, თუმცა დასახლების დასავლეთ ნაწელი რუხ ზონაშია მოქცეული. როგორც DeepState-მა ხაზი გაუსვა, ესაა მონაკვეთები, სადაც ბრძოლები გრძელდება. მათ ქალაქიდან უკრაინელი სამხედროების სრულად გამოყვანის შესახებ გავრცელებული ცნობა უარყვეს.

პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ თქვა, რომ სუჯის შემოგარენსა და მის მახლობლად მდებარე რაიონებში ბრძოლები გრძელდება. მან აღნშნა, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში მისი პრიორიტეტი უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის შენარჩუნება იქნება და საჭიროების შემთხვევაში, შეასრულებენ "მანევრებს უფრო ხელსაყრელ ფარგლებში". მისივე თქმით, კურსკის ოლქში თავდაცვით პოზიციებს მანამ შეინარჩუნებენ, სანამ ეს "მიზანშეწონილი და აუცილებელი" იქნება.

ამავე პერიოდში ვლადიმირ პუტინი კურსკში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქში შეჭრილი სამხედროები ტერორისტები არიან. მან ამის შესახებ კურსკის ოლქში მდებარე ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტის მონახულების დროს ისაუბრა.

"ყველა ადამიანი, რომელიც კურსკის ოლქის ტერიტორიაზე იმყოფება, აქ სჩადიან მოქალაქეების მიმართ დანაშაულებს სჩადიან, მოქმედებენ ჩვენი შეიარაღებული ძალების, სამართალდამცველი ორგანოებისა და სპეცსამსახურების საწინააღმდეგოდ, რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად არიან ტერორისტები. რუსეთის გენერალური პროკურატურა ასე აკვალიფიცირებს მათ ქმედებებს და სწორედ ამ მუხლით, "ტერორიზმით" არის მათ წინააღმდეგ აღძრული რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ სისხლის სამართლის საქმე." - თქვა პუტინმა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში ოპერაცია 2024 წლის აგვისტოში დაიწყეს.

კომენტარები