აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსეთის არმიის მიერ ალყაშემორტყმული უკრაინელების დანდობა სთხოვა.
"ამ კონკრეტულ მომენტში, ათასობით უკრაინელი სამხედრო რუსულ არმიას სრულ ალყაში ჰყავს, ისინი ძალიან ცუდ და მოწყვლად პოზიციაში არიან. მე მკაცრად მოვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. ეს საშინელი ხოცვა-ჟლეტა იქნებოდა, ისეთი, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ღმერთმა დალოცოს ყველა მათგანი!" - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
აშშ-ს პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ლაპარაკობს რუსეთის კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებზე. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არ დადასტურებულა ცნობები, რომ უკრაინელი სამხედროები რუსებმა ალყაში მოაქციეს.
12 მარტს, დღის პირველ ნახევარში რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა კურსკის ოლქში, ქალაქ სუჯის ცენტრში შეაღწიეს.
გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც ჩანდა, რომ რუსი სამხედროები რუსეთისა და სხვადასხვა დანაყოფების დროშებს ქალაქის ცენტრში შლიდნენ.
ამას გარდა, უკრაინულმა სამხედრო-ანალიტიკურმა პროექტმა DeepState-მა, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთანაა დაახლოებული, გამოაქვეყნა ცნობა, რომ ბრძოლები სუჯის გარეუბნებში ვრცელდებოდა. მათ მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე ჩანს, რომ ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლს მიღმაა დარჩენილი, თუმცა დასახლების დასავლეთ ნაწელი რუხ ზონაშია მოქცეული. როგორც DeepState-მა ხაზი გაუსვა, ესაა მონაკვეთები, სადაც ბრძოლები გრძელდება. მათ ქალაქიდან უკრაინელი სამხედროების სრულად გამოყვანის შესახებ გავრცელებული ცნობა უარყვეს.
პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ თქვა, რომ სუჯის შემოგარენსა და მის მახლობლად მდებარე რაიონებში ბრძოლები გრძელდება. მან აღნშნა, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში მისი პრიორიტეტი უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის შენარჩუნება იქნება და საჭიროების შემთხვევაში, შეასრულებენ "მანევრებს უფრო ხელსაყრელ ფარგლებში". მისივე თქმით, კურსკის ოლქში თავდაცვით პოზიციებს მანამ შეინარჩუნებენ, სანამ ეს "მიზანშეწონილი და აუცილებელი" იქნება.
ამავე პერიოდში ვლადიმირ პუტინი კურსკში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქში შეჭრილი სამხედროები ტერორისტები არიან. მან ამის შესახებ კურსკის ოლქში მდებარე ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტის მონახულების დროს ისაუბრა.
"ყველა ადამიანი, რომელიც კურსკის ოლქის ტერიტორიაზე იმყოფება, აქ სჩადიან მოქალაქეების მიმართ დანაშაულებს სჩადიან, მოქმედებენ ჩვენი შეიარაღებული ძალების, სამართალდამცველი ორგანოებისა და სპეცსამსახურების საწინააღმდეგოდ, რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად არიან ტერორისტები. რუსეთის გენერალური პროკურატურა ასე აკვალიფიცირებს მათ ქმედებებს და სწორედ ამ მუხლით, "ტერორიზმით" არის მათ წინააღმდეგ აღძრული რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ სისხლის სამართლის საქმე." - თქვა პუტინმა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში ოპერაცია 2024 წლის აგვისტოში დაიწყეს.





