თურქეთი

იმამოღლუ: სოლიდარობას და იმედს წინ ვერაფერი აღუდგება, უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ვიბრძვით

"სოლიდარობასა და იმედს წინ ვერაფერი აღუდგება. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების, ჩვენი უფლებების, კანონის, სამართლიანობისა და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის" – წერია სტამბოლის დაკავებული მერის, ეკრემ იმამოღლუს სოციალური ქსელის ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტში.

გუშინ, 19 მარტს სტამბოლის მერი, ეკრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.

იმამოღლუს დაკავების შემდეგ მთავრობის მიერ მანიფესტაციის 4-დღიანი აკრძალვის დაწესების მიუხედავად, მერის დაკავებას თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი აპროტესტებს. 

მთავარი ოპოზიციური ძალის, თურქეთის სახალხო რეპუბლიკური პარტიის ლიდერის, ოზგიურ ოზელის თქმით, იმამოღლუს დაკავება არის "გადატრიალების მცდელობა მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ".

ინტერნეტ მონიტორინგის ჯგუფის, NetBlocks-ის ცნობით, ქვეყანაში შეზღუდულია X-ის, YouTube-ის, Instagram-ისა და TikTok-ის წვდომა.

მანამდე, 18 მარტს, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გააუქმა. უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე იმამოღლუ ვერ შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

იმამოღლუ სტამბოლის მერად 2019 წელს აირჩიეს, ხოლო 2024 წელს ეს პოსტი ხელახლა დაიკავა. 

მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში 2028 წელს არის დანიშნული. უახლოეს დღეებში თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია პრაიმერიზისთვის ემზადებოდა, სადაც იმამოღლუ საპრეზიდენტო კანდიდატად უნდა აერჩიათ. 

კომენტარები