ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს კაბინეტმა ეროვნული უსაფრთხოების მინისტრად ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის, ითამარ ბენ გვირის ხელახლა დანიშვნას ერთხმად დაუჭირა მხარი.
ქნესეთმა ასევე მხარი დაუჭირა კაბინეტში ულტრამემარჯვენე ოცმა იეჰუდითის პარტიის ორი სხვა წევრის დაბრუნებას - ამიჩაი ელიაჰუ მემკვიდრეობის მინისტრად, იცაკ ვასერლაუფი კი ნეგევის, გალელილესა და ეროვნული გამძლეობის მინისტრად ხელახლა დაინიშნნენ.
ამ გადაწყვეტილებით ქნესეთმა არ გაითვალისწინა გენერალური პროკურორის, გალი ბაჰარავ-მიარას შენიშვნა. გენერალური პროკურორის ოფისის განცხადების თანახმად, ბაჰარავ-მიარამ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ "სამართლებრივი გადმოსახედიდან, შეუძლებელია, რომ მინისტრი ითამარ ბენ გვირი ამ დროისთვის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრად დაინიშნოს".
ბენ გვირმა და ნეთანიაჰუმ 18 მარტს გამოაცხადეს, რომ ღაზაში სამხედრო ოპერაციების განახლების ფონზე ოცმა იეჰუდითი მთავრობაში ბრუნდებოდა. ამის შესახებ ბენ გვირმა X-ზე დაწერა და ქნესეთის პლენუმზე მისი და ნეთანიაჰუს ფოტო გააზიარა.
გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელმა ღაზაში ჰამასის მეთაურებზე, პოლიტბიუროს წევრებსა და ტერორისტული ჯგუფის ინფრასტრუქტურაზე იერიშები მიიტანა.
მანამდე, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების გამო ისრაელის მთავრობის კაბინეტი ულტრამემარჯვენეთა პარტია ოცმა იეჰუდითის ლიდერმა, ითამარ ბენ გვირმა და პარტიის ორმა სხვა წევრმა დატოვა.
- ითამარ ბენ გვირის თქმით, თუ ისრაელი ხელს მოაწერს ცეცხლის შეწყვეტას, ის დატოვებს მთავრობას
- ისრაელის მთავრობის კაბინეტი ულტრამემარჯვენე პარტიის სამმა მინისტრმა დატოვა
გადადგომის შემდეგ ბენ გვირმა გამოაცხადა, რომ კაბინეთში დაბრუნდებოდა, თუ ჰამასთან ბრძოლა შეთანხმების პირველი ეტაპის შემდეგ გაგრძელდებოდა.





