უფლებადამცველ ამალ კლუნისა და ამერიკელი მსახიობის, ჯორჯ კლუნის ფონდი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმეს დააკვირდება.
კლუნების ფონდი TrialWatch ინიციატივის ფარგლებში უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში - როგორც ფონდი აღნიშნავს, ის ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმის მონიტორინგს აწარმოებს.
"ამაღლობელი, რომელიც არის ონლაინ მედიაგამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის თანადამფუძნებელი 11 იანვრის საღამოს დააკავეს, როცა მან ადგილობრივი პოლიციის განყოფილების შენობაზე სტიკერი გააკრა საყოველთაო გაფიცვის მოწოდებით - ეს იყო ჟესტი მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად, რომელმაც 2024 წლის ნოემბრის შემდეგ მთელი ქვეყანა მოიცვა.
ამაღლობელს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ციხეში, მას ჰქონდა სამი მოთხოვნა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ, რომლებიც უარყოფილ იქნა პროკურატურის მიერ.
ასევე, არსებობს ცნობები, რომელთა მიხედვითაც ამაღლობელს დაკავების შემდეგ პოლიციის უფროსი ემუქრებოდა და აფურთხებდა.
მისი და სხვა დაპატიმრებული პროტესტის მონაწილეების მხარდასაჭერად, ამაღლობელმა 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა". - წერია ფონდის განცხადებაში.
კლუნის ფონდი განცხადებაში ასევე საუბრობს საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაწყებულ და მიმდინარე საპროტესტო აქციებზეც - ფონდი განცხადებაში აღნიშნავს, რომ პროტესტი გამოირჩეოდა "საპოლიციო ძალადობითა" და დაკავებული პატიმრების წამებით.
"საქართველოში 2024 წლის ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მასობრივი სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა, რომელიც გამოირჩეოდა საპოლიციო ძალადობით, პატიმრების წამებითა და ჟურნალისტების დევნით". - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს 18 მარტს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გადაიდო და 31 მარტის 13:00 საათზე გაიმართება - დღეს ლიტვის, ლატვისაა და ესტონეთის მიერ სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეს განიხილავდა.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მზია ამაღლობელის საქმის გადაწყვეტილებას მოსამართლე დღეს, 18 მარტს, 17:50 საათზე გამოაცხადებს.