ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დამატებას II მოსმენით მხარი დაუჭირეს.
4 მარტს პირველ სხდომაზე კანონის წარდგენის დროს ოცნების დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ისაუბრა და თქვა, რომ როცა "სახელმწიფო სამშობლოს ღალატთან საბრძოლველად მექანიზმებს კარგავს, ის საკუთარ მომავალსაც საფრთხეში აყენებს".
3 მარტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონმდებლობაში სამშობლოს ღალატის მუხლის შეტანას I მოსმენით მხარი დაუჭირეს.
ივანიშვილის დეპუტატების ინიციატივით, სისხლის სამართლის კოდექსს 307-ე პრიმა მუხლი დაემატება, რომელიც "სამშობლოს ღალატისთვის" სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს დაარეგულირებს.
ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, სამშობლოს ღალატად შემდეგი ქმედებები ჩაითვლება:
- საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა
- ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება
- საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა
- უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა
- საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა
- სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა
- ჯაშუშობა
- შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად
- საბოტაჟი
- უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება
კანონპროექტი ასევე განმარტავს, თუ ვინ ჩაითვლება 307-ე პრიმა მუხლის მიზნებისთვის თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს თანამშრომლად. ასეთ თანამშრომლად მიიჩნევა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული პირი.





