სამშობლოს ღალატის მუხლი

პლენარულ სხდომაზე სამშობლოს ღალატის მუხლს I მოსმენით მხარი დაუჭირეს

ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დამატებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს.

კანონის წარდგენის დროს ოცნების დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ისაუბრა და თქვა, რომ როცა "სახელმწიფო სამშობლოს ღალატთან საბრძოლველად მექანიზმებს კარგავს, ის საკუთარ მომავალსაც საფრთხეში აყენებს".

"კანონის პროექტი, რომელსაც დღეს მე თქვენ წარმოგიდგენთ ერთი აბზაცისგან შედგება, მაგრამ ამ კანონპროექტის მნიშვნელობა გაცილებით უფრო დიდია ჩვენი სამშობლოსთვის, ვინაიდან ის პასუხობს როგორც ჩვენი წარსული გმირების სულისკვეთებას, როდესაც ისინი სამშობლოს ერთგულებას საკუთარ სიცოცხლეზე მაღლა აყენებდნენ, ასევე ჩვენ მომავალ თაობებს, ვინაიდან სახელმწიფოს დაცვა ღალატისგან არის თითოეული ჩვენგანის ვალდებულება. [...] ეს სცდება უბრალოდ სამართლებრივ ცვლილებებს, ეს არ არის მხოლოდ მუხლის დამატება, არამედ სახელმწიფოს ფუნდამენტური დაცვის საკითხი. [...] კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როცა სახელმწიფო სამშობლოს ღალატთან საბრძოლველად მექანიზმებს კარგავს, ის საკუთარ მომავალსაც საფრთხეში აყენებს". - თქვა იონათამიშვილმა.

3 მარტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონმდებლობაში სამშობლოს ღალატის მუხლის შეტანას I მოსმენით მხარი დაუჭირეს.

ივანიშვილის დეპუტატების ინიციატივით, სისხლის სამართლის კოდექსს 307-ე პრიმა მუხლი დაემატება, რომელიც "სამშობლოს ღალატისთვის" სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს დაარეგულირებს.

ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, სამშობლოს ღალატად შემდეგი ქმედებები ჩაითვლება:

  • საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა
  • ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება
  • საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა
  • უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა
  • საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა
  • სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა
  • ჯაშუშობა
  • შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად
  • საბოტაჟი
  • უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება

კანონპროექტი ასევე განმარტავს, თუ ვინ ჩაითვლება 307-ე პრიმა მუხლის მიზნებისთვის თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს თანამშრომლად. ასეთ თანამშრომლად მიიჩნევა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული პირი.

კომენტარები