ანტარქტიდის შორეულ კვლევით ბაზაზე მომუშავე სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა სასწრაფო დახმარება ითხოვეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ თანამშრომელს სექსუალურ ძალადობასა და კოლეგის მიმართ სიკვდილით მუქარაში დასდეს ბრალი.
სამხრეთ აფრიკის დელეგაციის სულ მცირე ერთმა წევრმა „დაუყოვნებელი ზომების“ აღსრულება მოითხოვა ერთ-ერთ კოლეგის მიმართ, რომელმაც სავარაუდოდ, ფიზიკურად იძალადა და სიკვდილით დაემუქრა დელეგაციის ერთ წევრს და სექსუალურად იძალადა მეორე თანამშრომლზე.
ათ კაციანი ჯგუფი ამჟამად იზოლირებულია Sanae IV-ის ბაზაზე, რომელიც სანაპიროდან დაახლოებით 170 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთრის დადგომასთან ერთად, ყინულისა და მკაცრი ამინდის გამო, ბაზიდან გასვლა შეუძლებელი ხდება. როგორც წესი, ბაზაზე დარჩენილი ჯგუფები 10 თვიანი იზოლაციისთვის ემზადებიან.
South Africa’s Sunday Times-ს წყაროები უყვებიან, რომ ახლა ბაზიდან გამოსვლის ერთადერთი გზა დაახლოებით 300 კილომეტრით დაშორებულ გერმანულ ბაზამდე გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაციაა.
გასულ თვეში გაგზავნილ ელექტრონულ წერილში ბაზაზე მყოფმა მენიერებმა მთავრობას განუმარტეს არსებული სიტუაცია, რის შემდეგაც ხელისუფლებამ სიტუაციის განმუხტვის გზების მოძიება დაიწყო.
სამხრეთ აფრიკის ტყის მეურნეობის, თევზჭერისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტმა, რომელიც ანტარქტიდის საკვლევ პროგრამასაც მართავს, განაცხადა, რომ „ამ საკითხს უდიდესი ყურადღებით ეკიდებიან და უკვე ჩატარდა არაერთი ღონისძიება, რათა ყველა მხარესთან კომუნიკაცია შედგეს. დაწყებულია სრულმასშტაბიანი გამოძიება, რის საფუძველზეც შესაბამისი ზომები გატარდება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც რაიმე სახის არასათანადო ქცევაში იქნება შემჩნეული.“