სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.
ორგანიზაციის განცხადებით, მზია ამაღლობელის ქმედება არ შეიძლება შეფასდეს, როგორც პოლიციელზე თავდასხმა.
"დოკუმენტში განხილულია ისეთი ძირეული სამართლებრივი საკითხები, როგორიცაა:
- საქმის ის ფაქტობრივი გარემოებები და ზოგადი კონტექსტი, რომელიც სილის გაწვნის ეპოზოდს წინ უძღოდა და რომელიც აჩვენებს, რომ მზიას რეაქცია სავარაუდოდ პოლიციის უკანონო და თვითნებური მოქმედებების ჯაჭვით იყო განპირობებული;
- სსკ-ის 353 პრიმა მუხლით (პოლიციელზე თავდასხმა) კვალიფიკაციის დამაფუძნებელი გარემოებები და ამ კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომელიც გამორიცხავს მზიას მხრიდან ამ მუხლით გათვალსიწინებული დანაშაულის ჩადენას;
- სსკ-ის 353 პრიმა და 126-ე მუხლის (ძალადობა) გამიჯვნის საკითხი და 126 მუხლის გამოყენების პრობლემურობა ამ საქმეზე;
- სსკ-ის 353 პრიმა მუხლის განჭვრეტადობის პრობლემა, რის გამოც ჩვენ მოვუწოდებთ სასამართლოს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარდგინებით და სთხოვოს მის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა;
- სისხლის სამართალი, როგორც უკანასკნელი საშუალება - ultima ratio პრინციპი და მოცემულ შემთხვევაში მცირე მნიშვნელობის გამო, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მიზანშეწობილობა;
- საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროცედურული დარღვევები. ამ კუთხით განსაკუთრებით ხაზგასასმელია გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა;
- მზია ამაღლობელის საქმის მედია საქმიანობაზე გავლენა და მისი "მსუსხავი ეფექტი."
საბოლოოდ ჩვენი შეფასებაა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, 353 პრიმა მუხლით ქმედებით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელი ელემენტები მზია ამაღლობელის ქცევაში არ იკვეთება. კერძოდ, სახეზე არ გვაქვს არც ქმედების ობიექტური (თავდასხმა - როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი, აგრესიული აქტი) და არც სუბიექტური (პირდაპირი განზრახვა და მიზანი, რომელიც პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებას უკავშირდება) შემადგენლობა.
რაც შეეხება, სილის გაწნის სსკ-ის 126-ე მუხლით კვალიფიკაციას, მზია ამაღლობელის საქმეში არ არსებობს ამ დანაშაულის უმთავრესი ელემენტი, დაზარალებულის მხრიდან ძლიერი ფიზიკური ტკივილის აღქმა. მზია ამაღლობელის მოქნეულ ხელს არ შეეძლო გამოეწვია ახალგაზრდა, ფიზიკურად მასზე ძლიერი მამაკაცისათვის მსგავსი ტკივილის მიყენება.
შესაბამისად, მზია ამაღლობელის ქმედებას არ მიუღწევია ისეთი ინტენსივობისთვის, რომელიც ultima ratio პრინციპის გათვალისწინებით გაამართლებდა მისი ქმედების სისხლისსამართლებრივი წესით დასჯას. ამის საფუძველს იძლევა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლი, რომელიც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამორიცხავს მცირე მნიშვნელობის მქონე ქმედებებისთვის". - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.