აშშ-რუსეთი

მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

15 მარტს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონი საუბარი შედგა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ქვეყნების წარმომადგენლებმა განიხილეს საუდის არაბეთში ჩატრებული უკანასკნელი შეხვედრების გაგრძელების შესაძლო ნაბიჯები და რუსეთსა და აშშ-ს შორის კომუნიკაციის აღდგენაზე შეთანხმდნენ.

"სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და მინისტრმა ლავროვმა ასევე განიხილეს საუდის არაბეთში ჩატარებული ბოლო შეხვედრების გაგრძელების შესაძლო ნაბიჯები და შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ აშშ-სა და რუსეთის შორის კომუნიკაციის აღდგენაზე" - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რუსულ მხარეს პროირანული დაჯგუფება ჰუსიტების წინააღმდეგ აშშ-ს სამხედრო შეკავების ოოპერაციების შესახებ აცნობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ჰუსიტების მხრიდან წითელ ზღვაში აშშ-ს სამხედრო და კომერციულ გემებზე თავდასხმებს არ მოითმენს.

ცნობისთვის, 13 მარტს ვლადიმირ პუტინი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა. 

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, 13 მარტს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი რუსეთში აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივენ უიტკოფს შეხვდა, უიტკოფმა პუტინს "დამატებითი ინფორმაცია წარუდგინა", პუტინმა კი მას დონალდ ტრამპისთვის ინფორმაცია გადასცა. 

მიუხედავად იმისა, რომ კრემლს შეხვედრის დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია, არსებული ცნობით, უიტკოფმა და პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრეს. 

11 მარტს საუდის არაბეთში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კიევი თანახმაა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, თუ ამას მოსკოვიც დათანხმდება. ვაშინგტონმა დადო პირობა, რომ ამ წინადადებას რუსულ მხარეს გადასცემდნენ. 12 მარტს რუსეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ჩავიდა, რათა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება და ორმხრივი ურთიერთობები განიხილონ.

ამავე დღეს პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა, რომელიც აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელია, თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დაინტერესებულები არ არიან.

მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მხარს უჭერს, თუმცა არსებობს ნიუანსები და საჭიროა ამერიკულ მხარესთან საუბარი.


18 თებერვალს, ერ-რიადში ერთმანეთს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ.

შეხვედრაზე არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია ჰქონდა უკრაინისა და ევროპის ლიდერებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც 18 თებერვალს თურქეთში იმყოფებოდა კიევში დაბრუნდა. უკრაინის პრეზიდენტმა ნეგატიური შეფასება მისცა შეხვედრას, რომელსაც უკრაინის არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა.

აშშ-რუსეთის შეხვედრის პარალელურად პარიზში საგანგებო სამიტი გამართა ემანუელ მაკრონმა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტის გარდა რამდენიმე ევროკავშირის ლიდერიც ესწრებოდა.

მოგვიანებით, რუბიომ განმარტა, რომ ერ-რიადში შეხვედრაზე არ იყო საუბარი უკრაინაზე. მხარეებმა აშშ-სა და რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ისაუბრეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პრაქტიკულად შეჩერდა.

კომენტარები