რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პესკოვის თქმით, პუტინმა უიტკოფს ტრამპისთვის ინფორმაცია გადასცა

სტივ უიტკოფი

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის ინფორმაციით, გუშინ, 13 მარტს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი რუსეთში აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივენ უიტკოფს შეხვდა, უიტკოფმა პუტინს "დამატებითი ინფორმაცია წარუდგინა", პუტინმა კი მას დონალდ ტრამპისთვის ინფორმაცია გადასცა. 

ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია ТАСС წერს

"გუშინ გვიან საღამოთი ის [უიტკოფი] უკვე პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო, რუსულ მხარეს დამატებითი ინფორმაცია წარედგინა. უიტკოფს პუტინმა პრეზიდენტი ტრამპისთვის ინფორმაცია და დამატებითი გზავნილები გადასაცა". - თქვა პესკოვმა. 

პესკოვს პუტინისა და უიტკოფის დიალოგის შიგთავსზე არ ულაპარაკია. 

12 მარტს თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა თქვა, რომ უიტკოფი აშშ-ში რუსეთ-უკრაინის ომის რეგულირების განსახილველად ჩავიდოდა. 

დღეს, აშშ-ს თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უიტკოფი ბრუნდება, რათა პუტინთან საუბრის ფარგლებში განხილული საკითხები ტრამპის გუნდს გააცნოს. მისივე თქმით, აშშ "ფრთხილი ოპტიმიზმით" უყურებს უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით მოსალოდნელ მოლაპარაკებებს.

11 მარტს საუდის არაბეთში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კიევი თანახმაა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, თუ ამას მოსკოვიც დათანხმდება. ვაშინგტონმა დადო პირობა, რომ ამ წინადადებას რუსულ მხარეს გადასცემდნენ. 12 მარტს რუსეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ჩავიდა, რათა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება და ორმხრივი ურთიერთობები განიხილონ.

ამავე დღეს პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა, რომელიც აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელია, თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დაინტერესებულები არ არიან.

მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მხარს უჭერს, თუმცა არსებობს ნიუანსები და საჭიროა ამერიკულ მხარესთან საუბარი.

"ჩვენ ვეთანხმებით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის წინადადებას. თუმცა იქიდან გამოვმდინარეობთ, რომ ამ შეწყვეტამ უნდა მიგვიყვანოს ხანგრძლივ მშვიდობამდე და გადაჭრას კრიზისის ძირეული მიზეზები." - თქვა ვლადიმირ პუტინმა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე.

შეიძლება ითქვას, რომ პუტინმა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა არ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ საჭიროა დეტალების ამერიკელ კოლეგებთან დაზუსტება და დაწვრილებითი მუშაობა კონტროლის მექანიზმის შესაქმნელად. ამას გარდა, მისი საუბრიდან გამოიკვეთა, რომ მოსკოვი კიევს რთულად შესასრულებელ პირობებს წამოუყენებს.

საუბარში პუტინმა გამოთქვა იგივე შიში, რაც აქამდე უშაკოვმაც თქვა, რომ ამ პერიოდში უკრაინელებმა შეიძლება გადაიარაღება დაიწყონ. 

პუტინის თქმით, ცეცხლის შეწყვეტამ უნდა შეძლოს კონფლიქტის ხანგრძლივ მშვიდობამდე მიყვანა და "ძირეული პრობლემების" გადაჭრა. რუსეთის პრეზიდენტის აზრით, მსგავსი პირობის წაყენება არამედ კიევზე ვაშინგტონის ზეწოლითაა განპირობებული, არამედ ბრძოლის ველზე არსებულმა რეალობებმა გამოიწვია და უკრაინელებმა აშშ-ს ეს თავად სთხოვეს.

ხოლო პუტინის განცხადებას, თავის მხრივ, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები "იმედისმომცემია", მაგრამ დაამატა, რომ ეს "არასრულია".

"პუტინმა იმედისმომცემი განცხადება გააკეთა, მაგრამ არასრული იყო. სასურველია ვნახოთ ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის თანხმობა. იმედია რუსეთი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს" - თქვა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივ შეხვედრაზე.

კომენტარები