ათწლეულების განმავლობაში პირველად სირიელი დრუზი მომლოცველები ჩრდილოეთ ისრაელში ადგილობრივ დრუზებთან ერთად ნაბი შუაიბის ტაძრის მოსალოცად შეიკრიბნენ. მომლოცველები საზეიმოდ ცაში იარაღს ისროდნენ, რის შედეგადაც ერთი ქალი დაშავდა.
არსებული ცნობებით, დღესასწაულზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
ადგილობრივების თქმით, სროლა საათების განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა პოლიცია არ ჩარეულა.
დაახლოებით ასმა დრუზმა შეიხმა, ძირითადად სირიის სამხრეთ მდებარე სოფელ ჰადერიდან, გოლანის მაღლობები ავტობუსით გაიარა და ისრაელის საზღვართან მივიდა, სადაც მათ ისრაელელი დრუზები დახვდნენ.
ეს ათწლეულების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელმა სირიელ დრუზებს ნება დართო, რომ საზღვარი გადაეკვეთათ და ისრაელელ მომლოცველებთან ერთად ყოველწლიურ დღესასწაულში მონაწილეობა მიეღოთ.
დრუზების ტრადიციის თანახმად, ნაბი შუაიბის ტაძარში წინასწარმეტყველი შუაიბი არის დაკრძალული. შუაიბი მიდიანელი წინასწარმეტყველი იყო, რომელიც დრუზების რწმენისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სათაყვანებელი ფიგურაა.
დრუზები ეზოთერული რელიგიური სწავლების მიმდევარი არაბები არიან, რომელთა რწმენის სისტემა შიიტური მიმდინარეობის, ისმაილიზმის საფუძველზე წარმოიქმნა, თუმცა თავს მუსლიმებად არ მოიაზრებენ და ისლამის ხუთ ბურჯს არ იზიარებენ.
ბაშარ ალ-ასადი, რომელიც სირიას 24 წლის განმავლობაში მართავდა, გასული წლის დეკემბერში ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰაიათ თაჰრირ ალ-შამმა (HTS) დაამხო. ქვეყანას ამჟამად ახალი პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა მართავს, რომელიც დეკემბერში ასადის რეჟიმის დასამხობად საბრძოლო მოქმედებებს მეთაურობდა. HTS ალ-კაიდასთან აფილირებული დაჯგუფება იყო, თუმცა კავშირები მასთან 2016 წელს გაწყვიტეს.
ასადის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ ისრაელი სირიაში დრუზებს აქტიურ ყურადღებას უთმობს. ისრაელს არაერთხელ განუცხადებია, რომ სამხრეთ სირიაში დრუზების დაცვა მნიშვნელოვანია.
გასულ კვირას ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა დაადასტურა, რომ განიზრახავენ, სირიელ დრუზებს გოლანის მაღლობებზე მუშაობის უფლება მისცენ.
გარდა ამისა, ისრაელის მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ სირიის სამხრეთ ნაწილის დემილიტარიზაციას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ისრაელი დამასკოს სამხრეთით სირიის არმიის გადაადგილებას არ დაუშვებს.
"სამხრეთ სირიის სრულ დემილიტარიზაციასა და ელ-კუნეიტადან, დერადან და ელ-სუვაიდადან ახალი სირიული რეჟიმის ჯარისკაცების გასვლას ვითხოვთ". - თქვა ნეთანიაჰუმ.
2 მარტს ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა თქვეს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) დაავალეს, რომ სირიაში უმეტესად დრუზებით დასახლებული ქალაქის, ჯარამანას "დასაცავად მოემზადონ".
სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ IDF-მა სირიის საზღვართან ბუფერული ზონა დაიკავა, რომელიც 1973 წლის იომ კიპურის ომის შემდეგ სირიასა და ისრაელს შორის არსებობდა.
ცნობისთვის, 26 თებერვალს ისრაელმა სირიის სამხრეთ ნაწილში მდებარე სამხედრო სამიზნეებზე ავიადარტყმები მიიტანა.