აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თქმით, გაოცებული იქნება, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს აღმოსავლეთ ევროპაში ბირთვული იარაღის განთავსებას.
Fox News-ის ეთერში ვენსი პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას, მოწოდებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ აშშ-მ რუსეთისგან მომავალი აგრესიის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი პოლონეთის ტერიტორიაზე გადაიტანოს.
"პრეზიდენტთან ამ კონკრეტულ საკითხზე არ მისაუბრია, მაგრამ გაოცებული ვიქნები, თუ იგი მხარს დაუჭერს ბირთვული იარაღის აღმოსავლეთით ევროპაში გადატანას". – განაცხადა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა.
მანამდე, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში აშშ-ს მოუწოდა, ბირთვული იარაღი პოლონეთის ტერიტორიაზე განალაგოს, რათა ამ ნაბიჯმა მომავალი რუსული აგრესიის წინააღმდეგ შემაკავებლის როლი შეასრულოს.
დუდას თქმით, "აშკარაა", რომ ტრამპს შეუძლია დასავლეთ ევროპასა თუ აშშ-ში განთავსებული ბირთვული ქობინები პოლონეთში განალაგოს და დაამატა, რომ მან ეს საკითხი უკრაინაში ტრამპის აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელთან, კით კელოგთანაც, განიხილა.
NATO-ს საზღვრებმა აღმოსავლეთით 1999 წელს გადაინაცვლა, ამიტომ 26 წლის შემდეგ, NATO-ს ინფრასტრუქტურამაც უნდა გადაინაცვლოს. ჩემთვის, ეს აშკარაა". - თქვა დუდამ გამოცემასთან ინტერვიუში.
"ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ამის დრო მოვიდა, არამედ უფრო უსაფრთხოც იქნება, თუ ეს იარაღი უკვე აქ რომ იყოს". - დაამატა პოლონეთის პრეზიდენტმა.





