შვედეთი

შვედეთის თავდაცვის მინისტრი: ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ თავდაცვა აშშ-ს გარეშე

შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პალ იონსონის თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ თავიანთი თავდაცვითი კავშირები NATO-ში აშშ-ის გარეშე და მეტი ინვესტიცია ჩადონ ისეთ სამხედრო შესაძლებლობებში, როგორიც კოსმოსური თანამგზავრებია.

გამოცემა Financial Times-თან საუბრისას იონსონმა აღნიშნა, რომ "არსებობს ზოგიერთი ავტონომიური შესაძლებლობა", რომელიც შვედეთმა განავითარა.

მისი თქმით, ჩრდილოეთ შვედეთში არსებული კირუნას ბაზა და აგვისტოში ქვეყნის პიერველი სამხედრო სატელიტის გაგზავნა, სწორედ ის არის, რაც შეიძლება "გამოსადეგი" იყოს.

"ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც უკრაინის ომიდან მივიღეთ, ის არის, რომ ძლიერი თავდაცვითი ინდუსტრიული ბაზა სანდო შემაკავებელი ფაქტორია". - განაცხადა იონსონმა.

მინისტრის მტკიცებით, შვედეთის მიერ უკრაინაში გაგზავნილი შეიარაღება კარგად მუშაობს, რადგან მარტივად გამოსაყენებელია და შექმნილია რუსული შეიარაღებასთან დასაპირისპირებლად.

"თუ არსებობს სურვილი, შესაძლებელია ნატოში ევროპული ღერძი გაძლიერდეს, მაგრამ ეს რთულ პრიორიტეტებს მოითხოვს". - განაცხადა იონსონმა. თავდაცვის მინისტრის თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა თავდაცვითი ხარჯები 2%-ზე მეტად უნდა გაზარდონ. 

გამოცემასთან ინტერვიუში იონსონმა ასევე აღნიშნა, რომ შვედეთს სურს აშშ-თან თანამშრომლობის გაგრძელება და ამ თავდაცვითი თანამშრომლობას "ორმხრივი გზა" უწოდა.

"შვედეთი ახლა უფრო დაცულია, ვიდრე ერთი წლის წინ, რადგან მას NATO-ს მეხუთე მუხლი ფარავს და ის ალიანსის თავდაცვის გეგმებშია ინტეგრირებული". - განაცხადა მან.

იონსონის თქმით, აშშ-მ შესაძლოა გადახედოს ევროპაში საკუთარი ძალების ყოფნის აუცილებლობას, რადგან მას "წყნარ ოკეანეში, განსაკუთრებით, ჩინეთთან მიმართებით უფრო დიდი საფრთხეები აქვს".

კომენტარები