პაკისტანი

პაკისტანში შეიარაღებული დაჯგუფების მიერ მძევლად აყვანილი 155 ადამიანი გაათავისუფლეს

პაკისტანელმა სამართალდამცავებმა სეპარატისტული სამხედრო დაჯგუფების მიერ მძევლად აყვანილი 155 ადამიანი გაათავისუფლეს.

მთავრობის განცხადებით უსაფრთხოების ოპერაცია კვლავ მიმდინარეობს რამდენიმე ათეული მძევლის გასათავისუფლებლად, თუმცა ტყვეობაში დარჩენილების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

უსაფრთხოების სამსახურების ინფორმაციით, მოკლულია 27 ტერორისტი, რომელიც მძევლების გატაცებაში იღებდა მონაწილეობას, თუმცა თავდასხმაში მონაწილეთა ზუსტი რაოდენობა კვლავ უცნობია.

თვითმხილველების მტკიცებით, თავდასხმისას იყო მსხვერპლიც.

"თავდასხმისას ზოგი დაშავდა, ზოგი კი დაიღუპა". - განაცხადა მოჰამედ აშრაფმა, რომელიც მატარებელში იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეჩერებულია სარკინიგზო მოძრაობა პუნჯაბისა და სინდის პროვინციებიდან ბელუჯისტანის მიმართულებით, ვიდრე უსაფრთხოების სამსახურები არ დაადასტურებენ, რომ რეგიონი უსაფრთხოა.

11 მარტს ბელუჯის რეგიონის სეპარატისტული სამხედრო დაჯგუფების მტკიცებით, მატარებელში მძევლად 182 პირი აიყვანეს, მათ შორის იყვნენ სამხედროებიც.

ადგილობრივი ხელისუფლების, პოლიციისა და რკინიგზის წარმომადგენლების ინფორმაციით, მატარებელში, რომელიც გვირაბში სეპარატისტებმა გააჩერეს, 400-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

მომხდარზე პასუხისმგებელია ბელუჯის გამათავისუფლებელი არმია (BLA), რომელიც რეგიონის პაკისტანისგან დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. 

ტერორისტებმა გაავრცელეს განცხადება და სამხედროების ჩარევის შემთხვევაში ყველა მძევლის მოკვლით დაიმუქრნენ.

"სამოქალაქო მგზავრები, კერძოდ ქალები, ბავშვები, მოხუცები და ბელუჯის მოქალაქეები გათავისუფლებულები არიან და უკან მშვიდობიანად დაბრუნების საშუალება მიეცათ. თუ სამხედრო ჩარევა გაგრძელდება, ყველა მძევალს სიკვდილით დასჯიან" – წერია ტელეგრამზე გავრცელებულ განცხადებასა და მედიისთვის გაგზავნილ წერილში.

კომენტარები