რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Bloomberg: პუტინი მზადაა, დროებით ზავს დათანხმდეს, თუ საბოლოო შეთანხმებაზე პროგრესი იქნება

ვლადიმირ პუტინი
Getty Images

გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი უკრაინაში დროებითი ზავის განხილვისთვის მზად არის, თუ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მხრივ გარკვეული პროგრესი იქნება. 

გამოცემის წყაროების თქმით, ეს გზავნილი რუსულმა მხარემ ამერიკულ მხარეს თებერვალში საუდის არაბეთში რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე გადასცა. 

Bloomberg ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობის გამოცხადებისთვის რუსეთს სურს, რომ საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების ჩარჩოს პრინციპები გარკვეული იყოს. გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, რუსეთს სამშვიდობო მისიის პირობების განსაზღვრა სურს, მათ შორის, შეთანხმება იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას. 

რუსეთი აქამდე უარყოფითად იყო განწყობილი იმ აზრის მიმართ, რომ ომის შეჩერება სწრაფად არის შესაძლებელი.

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი მედიასთან ამბობს, რომ ამერიკელი და უკრაინელი მაღალჩინოსნები ემზადებიან, რათა მომავალ კვირაში საუდის არაბეთში რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები გამართონ. ინფორმაციას გამოცემა The Hills ავრცელებს.

ტრამპის ადმინისტრაცია რუსულ მხარესთან ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ადგილობრივი აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკებები გაიმართა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდა:

"უკრაინა არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინა უშედეგოდ მიიჩნევს ნებისმიერ მოლაპარაკებებს უკრაინაზე, უკრაინის ჩართულობის გარეშე. და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ნებისმიერ შეთანხმებას ჩვენს შესახებ, რომელიც ჩვენს გარეშე შედგა. და ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს". - თქვა ზელენსკიმ.

მოლაპარაკებების მაგიდაზე არ იყო მიწვეული ევროპაც, რის გამოც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრა დაინიშნა.

შეხვედრას მაკრონის გარდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

თუმცა, 17 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინაში ომის დამთავრებაზე სერიოზული ხასიათის მოლაპარაკებებში მონაწილეობა როგორც უკრაინამ, ასევე ევროპამაც უნდა მიიღონ.

"ერთი შეხვედრა ამას არ მოაგვარებს, მაგრამ მინდა გავიმეორო, პრეზიდენტმა გარკვევით თქვა - მას ამ ომის დამთავრება უნდა და თუ შესაძლებლობები გამოჩნდება ამის მისაღწევად, ჩვენ მათ გამოვიყენებთ". - ამბობს ტრამპის სახელმწიფო მდივანი.

რუბიოს თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი კარგი ნაბიჯია, მაგრამ ახლა ამ ყოველივეს ქმედებები უნდა მოჰყვეს.

ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრები ჯერ მხოლოდ წინასწარია, ხოლო "რეალურ მოლაპარაკებებში" უკრაინა და ევროპაც იქნება ჩართული.

"თუ რეალური მოლაპარაკებები იქნება, და ჯერ ჩვენ მანდამდე მისულები არ ვართ, მაგრამ თუ ეს მოხდება, უკრაინა ჩართული უნდა იყოს, რადგან მათ დაესხნენ თავს, და ევროპა უნდა იყოს ჩართული, რადგან მათ სანქციები აქვთ პუტინსა და რუსეთზეც, და მათ წვლილი შეიტანეს ამ ძალისხმევაში". - დაამატა მან.

ამასთანავე, New York Times-მა 21 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუბიომ შეშფოთებულ ევროპელ მაღალჩინოსნებს უთხრა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს, რუსეთთან ნებისმიერი სახის ორმხრივი შეთანხმების პირობების მიღება უკრაინას ან ევროპას დააძალოს.

რუბიოს თქმით, ვაშინგტონს გარკვევით ესმოდა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს დასავლეთის დაყოფისთვის ან მსოფლიოსგან რუსეთის იზოლაციის შესასუსტებლად გამოიყენებდა. NYT-ის ცნობით, მან ევროპელ პარტნიორებს ასევე უთხრა, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ მოხსნის, თუ რუსეთის პოზიციაში აშკარა ცვლილება არ იქნება, თუმცა არ გამორიცხა შეზღუდული სახით სანქციების მოხსნა, თუ მოსკოვი ისეთ ნაბიჯებს გადადგამდა, რომელიც აშშ-ს ადმინისტრაციას სურს.

კომენტარები