პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ფორმალურად მოითხოვა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის თავდაცვის ხარჯის მინიმალური ნორმა მშპ-ს 2%-დან მშპ-ს 3%-მდე გაიზარდოს.
"თუ მთლიანი ალიანსი არ გაზრდის ხარჯს, მაშინ, სამწუხაროდ, შესაძლოა, პუტინს ხელახლა თავდასხმა მოუნდეს, რადგან არ იარსებებს ეფექტური შეკავების პოლიტიკა". - თქვა დუდამ NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან, შეხვედრის შემდეგ.
"მე [რუტეს] გადავეცი წერილობითი მოთხოვნა, რათა ხარჯების საკითხი ჰააგაში [მომავალ NATO-ს] სამიტზე განიხილონ და მიიღონ გადაწყვეტილება ალიანსში, რომ, სულ მცირე, მშპ-ს 3% თავდაცვისთვის გამოიყოს". - დაამატა მან.
ამავე დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ არ დაიცავს NATO-ს ისეთ წევრ ქვეყნებს, რომლებიც თავდაცვაზე საკმარისს არ ხარჯავენ.
6 მარტს ევროპელმა ლიდერებმა მხარი დაუჭირეს გეგმას თავდაცვაზე მეტის დახარჯვის შესახებ და განაცხადეს, რომ უკრაინის დახმარებას გააგრძელებდნენ.
"ვიცი, რომ ზოგს შესაძლოა, NATO-ს მომავლის შესახებ ეჭვები ჰქონდეს. ამიტომ, მომეცით უფლება, ვთქვა ცხადად, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობა ჩვენი ალიანსის ფუნდამენტად რჩება.
პრეზიდენტ ტრამპს ცხადად გამოუხატავს აშშ-სა და მისი ერთგულება NATO-სადმი, რამაც ასევე ცხადი გახადა ის მოლოდინი, რომ ჩვენ, ევროპამ თავდაცვის ხარჯების გაზრდის მხრივ მეტი უნდა გავაკეთოთ". - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.





