რუსული რეჟიმი

შიმშილობის 48-ე დღეს თემურ ქათამაძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე შიმშილობის 48-ე დღეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

საიას ცნობით, შიმშილობის პერიოდში თემურ ქათამაძეს დაკლებული აქვს 20 კილოგრამზე მეტი, უჭირს თავისუფლად გადაადგილება და თავს სუსტად გრძნობს.

"მას ბოლო სამედიცინო გამოკვლევა 2025 წლის 15 თებერვალს ჩაუტარდა, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი. ამ დროს მიუხედავად მისი მოთხოვნისა, უარი ეთქვა ჰოსპიტალიზაციაზე და იმავე დღეს დააბრუნეს იგი დროებითი მოთავსების ცენტრში. ამ დღის შემდგომ თემურ ქათამაძე, პროტესტის ნიშნად, უარს ამბობდა ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებაზე.

არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ჩვენთვის არ გადმოუცია 9 თებერვლის შემდგომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და არც 15 თებერვალს სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული გამოკვლევებისა და მისი შედეგების შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია.
როგორც თემურ ქათამაძე თავად აღნიშნავს, შიმშილობის ამ პერიოდში მას უკვე დაკლებული აქვს 20 კილოგრამზე მეტი, თავს სუსტად გრძნობს და უჭირს თავისუფლად გადაადგილება, რის გამოც გუშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა.

18 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლო მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხზე იმსჯელებს. თემურ ქათამაძე აღნიშნული დავის ფარგლებში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც მას განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში დაუსაბუთებლად ეთქვა უარი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე" - წერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს, რის შემდეგაც ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო. 

ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვის ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა. 

26 თებერვალს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შსს-ს (რადგან ამ მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება სამინისტროს გააჩნია) მიმართა და მოუწოდა, ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული მედროშის, თემურ ქათამაძის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ნაცვლად გამოყენებულ იქნას ალტერნატიული ზომები, როგორიცაა პოლიციაში რეგულარული გამოცხადება, თავდებობა ან გირაო.

კომენტარები