გერმანია-აშშ

მერცი: თეთრ სახლში მომხდარი დაპირისპირება მიზანმიმართული ესკალაცია იყო

Markus Schreiber/AP

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერის, ფრიდრიხ მერცის შეფასებით, თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის, დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს შორის მომხდარი დაპირისპირება "მიზანმიმართული ესკალაცია" იყო. ამის შესახებ გერმანიის მომავალმა კანცლერმა ბერლინში ქრისტიან-დემოკრატებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

"ჩემი აზრით, ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს ზელენსკის განცხადებებზე რეაქცია, სპონტანური არ ყოფილა – ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ ესკალაციას. როგორც წესი, ეს პრესასთან შეხვედრები მხოლოდ რამდენიმე წუთი გრძელდება, თუმცა, პარასკევს, ყველაფერი სხვაგვარად იყო". - თქვა მერცმა.

ამასთან, მერცმა აღნიშნა, რომ "საკმაოდ გაკვირვებული იყო, მათ შორის, დიალოგის ორმხრივი ტონით".

გერმანიის მომავალი კანცლერის თქმით, ზელენსკისა და ტრამპს შორის მომხდარი დაპირისპირება, აშშ-ს მთავრობის ამჟამინდელ ქცევებში ჯდება.

"ბოლო კვირებსა და თვეებში მომხდარი რიგი მოვლენების გათვალისწინებით, ის რაც ვაშინგტონში ვიხილეთ გარკვეულწილად თანმიმდევრულია. მათ შორის, მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ს დელეგაციის გამოჩენასთან დაკავშირებით". - თქვა მერცმა.

მერცის თქმით, ევროპამ უნდა აჩვენოს დამოუკიდებელი ნაბიჯებისთვის მზად არის, თუმცა, ამავდროულად, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მოხდეს "ამერიკელების ევროპაში შენარჩუნება". მისი თქმით, აშშ ასევე დაინტერესებულია ამით.

კომენტარები