CNN-ის ცნობით, რამდენიმე ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მის უფროსი თანაშემწეები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ, სანამ მხარეები მინერალების შეთანხმებას ან სამხედრო დახმარების აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებებს დაუბრუნდებიან.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპს 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი მწვავე კამათის გამო ზელენსკისგან საჯარო ბოდიში არაოფიციალურად მოითხოვა, Bloomberg-მა 2 დღის წინ ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა.
უკრაინის პრეზიდენტს ბოდიშის მოხდისკენ ოვალურ კაბინეტში მომხდარის შემდეგ CNN-თან ინტერვიუში მოუწოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. გამოცემები ინფორმაციას თეთრი სახლისა და თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, აშშ უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას აჩერებს, სანამ ტრამპი არ განსაზღვრავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევის მიზნისადმი ერთგულია.
მაღალჩინოსნის თქმით, ყველა სახის აშშ-ს სამხედრო დახმარება, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება, გაჩერდება, მათ შორის ის საბრძოლო მასალებიც, რომლებიც უკვე სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა, ან პოლონეთში უკრაინისთვის მისაწოდებლად არის გამზადებული.
ტრამპის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელმაც, როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, აშშ-ს პრეზიდენტი მეტად გააღიზიანა.
3 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ "ომის დასრულების შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან შორს არის და ჯერ არავის დაუწყია ამ ნაბიჯების გადადგმა".
ტრამპი ზელენსკის განცხადებას საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოეხმაურა და მას "ყველაზე ცუდი" უწოდა, რაც კი "ზელენსკის შეიძლება, გაეკეთებინა".
"ეს არის ყველაზე ცუდი განცხადება, რაც კი შეიძლება ზელენსკის გაეკეთებინა. ამერიკა ამას აღარ შეეგუება. ეს არის ის, რასაც ვამბობდი, ამ კაცს არ უნდა მშვიდობა მანამ, სანამ მას აშშ-ს მხარდაჭერა აქვს და ევროპელებმა, ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ მათ აშშ-ს გარეშე ამ საქმის გაკეთება არ შეუძლიათ. ალბათ, არ იყო საუკეთესო განცხადება, რაც რუსეთისთვის ძალის საჩვენებლად შეიძლება გააკეთო. რაზე ფიქრობენ?" - დაწერა ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტის საპასუხოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე მალევე დაწერა, რომ უკრაინას "მშვიდობის მიღწევის გზაზე აშშ-ს დახმარების დიდი იმედი აქვს", ხოლო "მშვიდობა რაც შეიძლება მალე არის საჭირო".
ცნობისთვის, 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის მინისტრთა კაბინეტს შორის.
მოსფლიოს მასშტაბით პირდაპირ რეჟიმში გადაცემული შეხვედრა უპრეცენდენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა ტრამპს, ზელენსკისა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა.
ის, რასაც ლიდერები მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე უნდა მიეყვანა, მწვავე კამათით დასრულდა. ტრამპმა ზელენსკი "მესამე მსოფლიო ომთან თამაშში" დაადანაშაულა.
ვიცეპრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა, თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტს რამდენჯერმე ჰკითხა, გაცემული დახმარების გამო გადაუხდია თუ არა მას მადლობა აშშ-სთვის.
ზელენსკიმ მეორე დღეს, 1-ელ მარტს X-ზე გრძელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენჯერმე დაწერა, რომ უკრაინა მეტად მადლიერია აშშ-ს, აშშ-ს პრეზიდენტის, კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ.
28 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს მეტად დადებითად შეხვდნენ კრემლში.
წაიკითხეთ მოსაზრება 28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში მომხდარის შესახებ:
რატომ წავიდა ყველაფერი ცუდად, რაც შეიძლებოდა, რომ ცუდად წასულიყო?