აქციის დროს დაკავებული ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის ადვოკატი ამბობს, რომ მას უკვე გადაადგილების სირთულეები აქვს. 46-ე დღეა, თემურ ქათამაძე შიმშილობს.
"თემურ ქათამაძე თავს უკვე სუსტად გრძნობს, გადაადგილების სირთულეებიც აქვს. ვიმედოვნებ, ის უახლოეს პერიოდში კლინიკაში გადაყვანაზე დათანხმდება, რადგან ამ ვადის შიმშილობის გათვალისწინებით, წონაში მნიშვნელოვანი კლება აღენიშნება - საუბარია 20 კგ-ზე მეტის დაკლებაზე, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება". - თქვა ქათამაძის ადვოკატმა, მარიამ გაბროშვილმა TV პირველთან საუბარში.
-
ქათამაძე: დაკავების დღიდან ჩემს მიმართ ხორციელდება მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა
-
ქათამაძე: ჩემი ბრძოლის ფორმა შიმშილობაა, სამშობლოსთვის ბრძოლის შეწყვეტა აღარ შემომთავაზოთ
ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს, რის შემდეგაც ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო.
ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვის ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა.
26 თებერვალს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შსს-ს (რადგან ამ მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება სამინისტროს გააჩნია) მიმართა და მოუწოდა, ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული მედროშის, თემურ ქათამაძის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ნაცვლად გამოყენებულ იქნას ალტერნატიული ზომები, როგორიცაა პოლიციაში რეგულარული გამოცხადება, თავდებობა ან გირაო.