ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, ისრაელი დათანხმდა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის წინადადებას ღაზის სექტორში ჰამასსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის 42 დღით გახანგრძლივების შესახებ საათების შემდეგ, რაც პირველ ფაზას ვადა გაუვიდა.
თუმცა ჰამასმა უიტკოფის წინადადება პირველი ფაზის 42 დღით გახანგრძლივების შესახებ უარყო და თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თავდაპირველი, იანვარში მიღწეული შეთანხმების ერთგული რჩება, რომლის მეორე ფაზის დაწყებაც, პერმანენტული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების პარალელურად, პირველი ფაზის ვადის გასვლის შემდეგ იყო დაგეგმილი.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, მეორე ფაზის ფარგლებში მხარეებს შორის მოლაპარაკებები უნდა დაწყებულიყო დარჩენილი 59 ისრაელელი მძევლის გათავისუფლების, ისრაელის მიერ ღაზის სექტორიდან ჯარების სრულად გაყვანისა და ომის დასრულების შესახებ.
იმ მიზეზით, რომ ჰამასმა უიტკოფის წინადადებაზე უარი თქვა, ისრაელმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა დაბლოკა.
"ისრაელი ჩვენი მძევლების გათავისუფლების გარეშე ცეცხლის შეწყვეტას არ დაუშვებს. ჰამასი გააგრძელებს უარის თქმას, ამას დამატებითი შედეგები მოჰყვება". - თქვა ნეთანიაჰუს ოფისმა და გამოაცხადა, რომ ღაზის სექტორში ნებისმიერი პროდუქტისა თუ მარაგების შესვლა შეჩერდებოდა.
პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ ისრაელის გადაწყვეტილება დაგმო და მას "შანტაჟი" და "შეთანხმების წინააღმდეგ აშკარა შეთქმულება" უწოდა.
როგორც ეგვიპტურმა წყარომ გამოცემა Reuters-ს 28 თებერვალს უთხრა, კაიროში ისრაელის დელეგაცია ცდილობდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზა 42 დღით გაეხანგრძლივებინა, ხოლო ჰამასს სურდა, რომ შეთანხმება მეორე ფაზაში შესულიყო.
უიტკოფის წინადადება და შეთანხმების პირველი ფაზის გახანგრძლივება, მეორე ფაზის დაწყების ნაცვლად, ისრაელს უფლებას აძლევს, ღაზის სექტორიდან მძევლები გამოიყვანოს და თან სექტორში ჯარებიც დატოვოს.
უცნობია, იმუშავებს თუ არა ისრაელის წნეხი. ჰამასის პრესსპიკერის თქმით, მისი დაჯგუფება "წნეხებზე არ რეაგირებს".
ცნობისთვის, ჰამასსა და ისრაელს შორის 19 იანვარს ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ჰამასმა ისრაელს 33 ისრაელელი მძევალი გადასცა, ხოლო ისრაელმა დაახლოებით 2000 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა და ღაზის რამდენიმე პოზიციიდან საკუთარი ჯარები გაიყვანა.