საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრის შემდეგ როგორც ტრამპს, ისევე ზელენსკის ელაპარაკა და მოუწოდა, რომ "სიმშვიდეს, პატივისცემას" დაუბრუნდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო AFP ავრცელებს.
Tribune Dimanche-სთვის მიცემულ ინტერვიუში, მაკრონმა თქვა, რომ ყველა "სიმშვიდეს, პატივისცემას უნდა დაუბრუნდეს, ... რათა წინ წასვლა შევძლოთ, ... რადგან ის, რაც სასწორზე დევს, ზედმეტად მნიშვნელოვანია".
მანამდე, მაკრონმა თეთრ სახლში ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ უკრაინაში ომში რუსეთი აგრესორია.
ცნობისთვის, 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის მინისტრთა კაბინეტს შორის.
მოსფლიოს მასშტაბით პირდაპირ რეჟიმში გადაცემული შეხვედრა უპრეცენდენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა ტრამპს, ზელენსკისა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა.
გთავაზობთ პრეზიდენტ ტრამპს, ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის ოვალურ ოფისში გამართული უპრეცედენტო კამათის სრულ ტრანსკრიპტს.
შეხვედრის კონსტრუქციული დასაწყისი, რომლისთვისაც წინმსწრები დაძაბულობის ფონზე თბილიც შეიძლებოდა გვეწოდებინა, მედიის თვალწინ გამართულ მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა:
კამათი ტრამპს, ვენსსა და ზელენსკის შორის – სრული ტრანსკრიპტი
ის, რასაც ლიდერები მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე უნდა მიეყვანა, მწვავე კამათში გადაიზარდა. ტრამპმა ზელენსკი "მესამე მსოფლიო ომთან თამაშში" დაადანაშაულა.
ვიცეპრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა, თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტს რამდენჯერმე ჰკითხა, გაცემული დახმარების გამო გადაუხდია თუ არა მას მადლობა აშშ-სთვის.
ზელენსკიმ მეორე დღეს, 1-ელ მარტს X-ზე გრძელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენჯერმე დაწერა, რომ უკრაინა მეტად მადლიერია აშშ-ს, აშშ-ს პრეზიდენტის, კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ.
"ჩვენ მშვიდობა გვსურს. ეს არის მიზეზი, თუ რატომაც ჩამოვედი აშშ-ში და ვესტუმრე პრეზიდენტ ტრამპს. მინერალების შეთანხმება მხოლოდ პირველი ნაბიჯია უსაფრთხოების გარანტიებისა და მშვიდობასთან მიახლოვებისკენ. ჩვენი სიტუაცია მძიმეა, თუმცა უბრალოდ ვერ შევწყვეტთ ბრძოლას, თუ არ გვექნება გარანტიები, რომ ხვალ პუტინი არ დაბრუნდება.
ამერიკის დახმარება გადამწყვეტი იყო ჩვენი გადარჩენისთვის დასახმარებლად და მე ამას ვაღიარებ. მიუხედავად უხეში დიალოგისა, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვრჩებით. თუმცა ჩვენ ერთმანეთის მიმართ გულწრფელები და პირდაპირები უნდა ვიყოთ, რათა ჭეშმარიტად გვესმოდეს ჩვენი საერთო მიზნები.
ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, გვქონდეს პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა. მას ომის დასრულება სურს, მაგრამ მშვიდობა ისე არავის სურს, როგორც ჩვენ. ჩვენ ვართ ისინი, ვისაც უკრაინაში ომი გადააქვს. ეს ბრძოლაა ჩვენი თავისუფლებისთვისა და გადარჩენისთვის". - დაწერა ზელენსკიმ.





