დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო შესაძლებლობების განსავითარებლად გაყინული რუსული აქტივებით მიღებული მოგებიდან 2.26 მილიარდ ფუნტს გამოუყოფს.
ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა მინისტრი, სერგიი მარჩენკო წერს.
"მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან ერთად, უკრაინის სამხედრო საჭიროებებისთვის ხელი მოვაწერეთ £2.26-მილიარდიან ხელშეკრულებას დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრთან, რეიჩელ რივზთან. ეს ფინანსები უზრუნველყოფილია გაყინული რუსული აქტივებით. მადლიერები ვართ დიდი ბრიტანეთის, რომ ისინი აგრესორს ომისთვის პასუხს აგებინებენ". - წერს მარჩენკო.
მანამდე, გამოცემა The Times-მა დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრტან, რეიჩელ რივზთან ინტერვიუ გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო რომ სტარმერისა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ რივზი და მარჩენკო 2.26 მილიარდ ფუნტის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებდნენ.
დღეს, 1 მარტს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პრემიერმინისტრი კირ სტარმერი ერთმანეთს დაუნინგ სტრიტზე, პრემიერმინისტრის რეზიდენციაში შეხვდნენ.
ამასთან, ზელენსკი ხვალ, 2 მარტს ლონდონში დაგეგმილ ევროპელ ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, სადაც რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე იმსჯელებენ.
მანამდე, 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის მინისტრთა კაბინეტს შორის.
მოსფლიოს მასშტაბით პირდაპირ რეჟიმში გადაცემული შეხვედრა უპრეცენდენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა ტრამპს, ზელენსკისა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა.
გთავაზობთ პრეზიდენტ ტრამპს, ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის ოვალურ ოფისში გამართული უპრეცედენტო კამათის სრულ ტრანსკრიპტს.
შეხვედრის კონსტრუქციული დასაწყისი, რომლისთვისაც წინმსწრები დაძაბულობის ფონზე თბილიც შეიძლებოდა გვეწოდებინა, მედიის თვალწინ გამართულ მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა:
კამათი ტრამპს, ვენსსა და ზელენსკის შორის – სრული ტრანსკრიპტი
ის, რასაც ლიდერები მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე უნდა მიეყვანა, მწვავე კამათში გადაიზარდა. ტრამპმა ზელენსკი "მესამე მსოფლიო ომთან თამაშში" დაადანაშაულა.
ვიცეპრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა, თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტს რამდენჯერმე ჰკითხა, გაცემული დახმარების გამო გადაუხდია თუ არა მას მადლობა აშშ-სთვის.
ზელენსკიმ მეორე დღეს, 1-ელ მარტს X-ზე გრძელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენჯერმე დაწერა, რომ უკრაინა მეტად მადლიერია აშშ-ს, აშშ-ს პრეზიდენტის, კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ.
"ჩვენ მშვიდობა გვსურს. ეს არის მიზეზი, თუ რატომაც ჩამოვედი აშშ-ში და ვესტუმრე პრეზიდენტ ტრამპს. მინერალების შეთანხმება მხოლოდ პირველი ნაბიჯია უსაფრთხოების გარანტიებისა და მშვიდობასთან მიახლოვებისკენ. ჩვენი სიტუაცია მძიმეა, თუმცა უბრალოდ ვერ შევწყვეტთ ბრძოლას, თუ არ გვექნება გარანტიები, რომ ხვალ პუტინი არ დაბრუნდება.
ამერიკის დახმარება გადამწყვეტი იყო ჩვენი გადარჩენისთვის დასახმარებლად და მე ამას ვაღიარებ. მიუხედავად უხეში დიალოგისა, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვრჩებით. თუმცა ჩვენ ერთმანეთის მიმართ გულწრფელები და პირდაპირები უნდა ვიყოთ, რათა ჭეშმარიტად გვესმოდეს ჩვენი საერთო მიზნები.
ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, გვქონდეს პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა. მას ომის დასრულება სურს, მაგრამ მშვიდობა ისე არავის სურს, როგორც ჩვენ. ჩვენ ვართ ისინი, ვისაც უკრაინაში ომი გადააქვს. ეს ბრძოლაა ჩვენი თავისუფლებისთვისა და გადარჩენისთვის". - დაწერა ზელენსკიმ.





