BBC-ის ცნობით, გამოცემას NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ უთხრა, რომ თეთრი სახლის შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენკის ორჯერ შეხვდა.
რუტეს თქმით, ზელენსკის უთხრა, რომ მან აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ურთიერთობის აღდგენის "გზა უნდა გამონახოს".
როგორც NATO-ს გენმდივანმა BBC-ს უთხრა, არ აქვს უფლება, "თქვას, რაც განიხილეს". თუმცა, რუტეს თქმით, ზელენსკის უთხრა, რომ "პატივი უნდა სცენ" იმას, რაც ტრამპმა უკრაინისთვის აქამდე გააკეთა.
რუტემ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ტრამპის პირველი ვადის დროს აშშ-მ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო დანადგარები, ჯაველინები გადასცა, რაც უკრაინას 2022 წელს რუსეთის შეჭრის დროს დაეხმარა.
"ტრამპს დამსახურებები უნდა დავუფასოთ". - თქვა რუტემ.
ცნობისთვის, 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის მინისტრთა კაბინეტს შორის.
მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირ რეჟიმში გადაცემული შეხვედრა უპრეცენდენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა ტრამპს, ზელენსკისა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა.
გთავაზობთ პრეზიდენტ ტრამპს, ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის ოვალურ ოფისში გამართული უპრეცედენტო კამათის სრულ ტრანსკრიპტს.
შეხვედრის კონსტრუქციული დასაწყისი, რომლისთვისაც წინმსწრები დაძაბულობის ფონზე თბილიც შეიძლებოდა გვეწოდებინა, მედიის თვალწინ გამართულ მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა:
კამათი ტრამპს, ვენსსა და ზელენსკის შორის – სრული ტრანსკრიპტი
ის, რასაც ლიდერები მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე უნდა მიეყვანა, მწვავე კამათში გადაიზარდა. ტრამპმა ზელენსკი "მესამე მსოფლიო ომთან თამაშში" დაადანაშაულა.
ვიცეპრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა, თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტს რამდენჯერმე ჰკითხა, გაცემული დახმარების გამო გადაუხდია თუ არა მას მადლობა აშშ-სთვის.
ზელენსკიმ მეორე დღეს, 1-ელ მარტს X-ზე გრძელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენჯერმე დაწერა, რომ უკრაინა მეტად მადლიერია აშშ-ს, აშშ-ს პრეზიდენტის, კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ.
"ჩვენ მშვიდობა გვსურს. ეს არის მიზეზი, თუ რატომაც ჩამოვედი აშშ-ში და ვესტუმრე პრეზიდენტ ტრამპს. მინერალების შეთანხმება მხოლოდ პირველი ნაბიჯია უსაფრთხოების გარანტიებისა და მშვიდობასთან მიახლოვებისკენ. ჩვენი სიტუაცია მძიმეა, თუმცა უბრალოდ ვერ შევწყვეტთ ბრძოლას, თუ არ გვექნება გარანტიები, რომ ხვალ პუტინი არ დაბრუნდება.
ამერიკის დახმარება გადამწყვეტი იყო ჩვენი გადარჩენისთვის დასახმარებლად და მე ამას ვაღიარებ. მიუხედავად უხეში დიალოგისა, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვრჩებით. თუმცა ჩვენ ერთმანეთის მიმართ გულწრფელები და პირდაპირები უნდა ვიყოთ, რათა ჭეშმარიტად გვესმოდეს ჩვენი საერთო მიზნები.
ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, გვქონდეს პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა. მას ომის დასრულება სურს, მაგრამ მშვიდობა ისე არავის სურს, როგორც ჩვენ. ჩვენ ვართ ისინი, ვისაც უკრაინაში ომი გადააქვს. ეს ბრძოლაა ჩვენი თავისუფლებისთვისა და გადარჩენისთვის". - დაწერა ზელენსკიმ.





