აშშ-EU

სანჩესი ტრამპს: EU ვინმესთვის პრობლემების შესაქმნელად არ დაარსებულა

ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი
Jesus Hellin/Europa Press via Getty Images

ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ, რომ ევროკავშირი "აშშ-სთვის პრობლემების შესაქმნელად დაარსდა", განაცხადა, რომ ბლოკი ვინმესთვის პრობლემების შესაქმნელად არ დაარსებულა და დაამატა, რომ ტრამპის ტარიფების მუქარის ფონზე ევროკავშირი საკუთარ ინტერესებს დაიცავს. 

ინფორმაციას გამოცემა Euractiv ავრცელებს

სანჩესმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ვინმესთვის ზიანისთვის მისაყენებლად არ შექმნილა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ბლოკი საკუთარ ინტერესებს დაიცავს "მათ წინააღმდეგ, ვინც მას სრულიად გაუმართლებელი ტარიფებით ესხმის თავს, რომლებიც ჩვენს ეკონომიკურ სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს". 

ესპანეთის პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი შეიქმნა, რათა ხელი შეწყობოდა "მულტილატერალიზმს, ქვეყნებს შორის ურთიერთგაგებას, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ სამართლიანობას". 

"იმ სიმდიდრის დიდი ნაწილისთვის, რომელიც ამ დიდებულ ქვეყანას, აშშ-ს დღეს აქვს, ნაწილობრივ ევროპას უნდა უმადლოდნენ". - დაამატა სანჩესმა. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლში, მისი კაბინეტის პირველ შეხვედრაზე რეპორტიორებთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირი აშშ-სთვის პრობლემების შესაქმნელად დაარსდა. 

"ევროკავშირი აშშ-სთვის პრობლემების შესაქმნელად დაარსდა, ესაა მისი მიზანი და ისინი კარგადაც ასრულებენ მას". - თქვა ტრამპმა. 

ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ ის "სულ მალე" ავტომობილების იმპორტზე 25%-იან ტარიფს დააწესებდა, ხოლო რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირის წინააღმდეგ როგორც ფოლადსა და ალუმინზე ტარიფებით, ისე თანაბარი საპასუხო ტარიფების დაწესებით დაიმუქრა. 

ამ საკითხთან დაკავშირებით, სანჩესმა განაცხადა, რომ ევროპა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს საპასუხო ზომები. 

"ჩვენ მზად ვართ და ჩვენ, ევროკავშირი ვაპირებთ, მივიღოთ გამოწვევის პროპორციული ზომები. ჩვენ ასეც მოვიქცევით კონკრეტული დახმარების გაწევით ყველა სექტორისთვის, რომელზეც [ტრამპის ტარიფებს] გავლენა ექნებათ". - თქვა სანჩესმა. 

ესპანეთის მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის პროტექციონისტული პოლიტიკის ფონზე, ევროკავშირი "მსოფლიოს მიმართ გახსნილი" იქნებოდა, ვინაიდან არსებული გამოწვევები "საზღვრებს არ ცნობენ". 

კომენტარები