აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ახლად დანიშნული დირექტორი კაშ პატელი, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ სააგენტოს სრულად რეფორმირებას აპირებს, გამოვიდა წინადადებით, რომ FBI-ის რიგები შერეული საბრძოლო ხელოვნების კომპანია UFC-ის დახმარებით გააძლიეროს, რომლის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმაც, დეინა უაითმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დახმარება გაუწია. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეარხი ABC News საკითხზე ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 თებერვალს გამართულ ტელეკონფერენციაზე, რომელსაც FBI-ის 55 განყოფილების უფროსი ესწრებოდა, პატელი გამოვიდა წინადადებით, რომ FBI-მ ფორმალური ურთიერთობა დაამყაროს UFC-სთან, რათა ბიუროს აგენტების ფიზიკური მომზადებისთვის პროგრამები შეიქმნას.
განყოფილებების უფროსთა ვირტუალური შეხვედრა მანამდე ყოველკვირეულად იმართებოდა, თუმცა ამ კვირის კონფერენციას პატელი პირველად გაუძღვა. იგი თანამდებობაზე დასანიშნად ფიცი 21 თებერვალს დადო.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მხრივ სურს პატელს, რომ UFC-იმ სააგენტოს დახმარება გაუწიოს ან აგენტები მოამზადოს.
"თუ ისინი ცდილობენ, რომ ფიზიკური მომზადება გააუმჯობესონ, UFC ძალზე სპეციფიკურია მათ მომზადებაში". - თქვა ABC News-ის კონტრიბუტორმა რიჩ ფრანკელმა, რომელიც ყოფილი სპეციალური აგენტია და ნიუარკში, ნიუ ჯერსის შტატში, FBI-ს განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
წყაროების ცნობით, კონფერენციაზე პატელი ასევე სხვა საკითხებსაც შეეხო, თუმცა UFC-ის შესახებ წინადადება სხვებისგან გამოირჩეოდა.





