მზია ამაღლობელის საქმე

მზია ამაღლობელი ვივამედიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს

ნეტგაზეთი

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, მისი სურვილით, კლინიკა ვივამედიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს. ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.

მზია ამაღლობელი ციხეში 26 თებერვალს უნდა გადაეყვანათ. თუმცა, როგორც დღეს, 27 თებერვალს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაწერა, რომ ამაღლობელი ისევ ვივამედში იმყოფებოდა.

"მზია ამაღლობელი ამ დრომდე არ არის გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში და კვლავ კლინიკაში რჩება. გუშინ ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იგი უნდა გადაეყვანათ პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან ოფიციალურად უკვე გაწერილია კლინიკიდან.

ამ დროისთვის ადვოკატებისთვის უცნობია, რატომ და რის საფუძველზე რჩება მზია ამაღლობელი სამედიცინო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პერსონალმა იგი გაწერა.

დაწესებულებაში გადაყვანას კატეგორიულად ითხოვს თავად მზიაც." - ეწერა განცხადებაში.

მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო. 19 თებერვალს კი ქუთაისის სააპელაციომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის გაუქმების შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად.

მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ექიმების დახმარებით კვებას აღადგენდა.

კომენტარები