ტრამპის ადმინისტრაცია

გამოცემა Associated Press-მა ტრამპის ადმინისტრაციის 3 მაღალჩინოსანს სასამართლოში უჩივლა

გამოცემა Associated Press-მა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან 3 ოფიციალურ პირს სასამართლოში უჩივლა. გამოცემის საჩივარში საუბარია ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან საპრეზიდენტო ღონისძიებებზე AP-ის ჟურნალისტების დაბლოკვის გზით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე.

როგორც AP ამბობს, თეთრი სახლი ახორცილებს არაკონსტიტუციურ ძალისხმევას, აკონტროლოს სიტყვის თავისუფლება. საქმე ეხება გამოცემის მიერ მასალაში მექსიკის ყურის ნაცვლად "ამერიკის ყურის" არგამოყენებას. ყურის სახელის ცვლილების შესახებ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გასულ თვეში გამოსცა. 

"პრესას და ყოველ ადამიანს აშშ-ში უფლება აქვს, თვითონ აირჩიონ საკუთარი სიტყვები ისე, რომ მთავრობა მათ არ დაუპირისპირდეს". - ნათქვამია AP-ის საჩივარში. 

პირები ტრამპის ადმინისტრაციიდან, რომლებსაც გამოცემამ უჩივლა, არიან: თეთრი სახლის აპარატის უფროსი სუზან უაილსი, უაილსის მოადგილე ტეილორ ბუდოუიქი და თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლივიტი. 

"ეს მიზანმიმართული თავდასხმა AP-ის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და შესაძლებლობაზე, შეაგროვოს და გადმოსცეს ახალი ამბები, პირდაპირ ურტყამს [აშშ-ს კონსტიტუციის] პირველ შესწორებას [სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ]. ეს სასამართლომ დაუყოვნებლივ უნდა გამოასწოროს". - აღნიშნულია საჩივარში. 

თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლივიტმა, რომელიც ერთ-ერთია იმ პირთაგან, რომლებსაც გამოცემამ უჩივლა, თქვა, რომ მან საჩივრის შესახებ 21 თებერვალს გაიგო, როდესაც თეთრი სახლიდან კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) მიდიოდა. 

"მე მსურდა, [ბრიფინგის ჩატარებამდე] თეთრი სახლის მრჩეველთან ტელეფონით მესაუბრა იმის შესახებ, თუ რა შემიძლია ვთქვა, ან არ ვთქვა, მაგრამ, ნახეთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ სწორი პოზიცია გვიკავია. ჩვენ ვაპირებთ, ვიზრუნოთ, რომ სიმართლე და სიზუსტე თეთრ სახლში ყოველ დღე იყოს". - თქვა ლივიტმა საკითხზე. 

ცნობისთვის, 12 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში დაგეგმილ ბრიფინგზე, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებზე აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უნდა ეპასუხა, AP-ის ჟურნალისტი არ შეუშვეს. 

ტრამპის ადმინისტრაცია 12 თებერვლამდეც დაიმუქრა იმის შესახებ, რომ AP-ის ჟურნალისტებს თეთრი სახლის ღონისძიებებიდან დაბლოკავდა, თუ მექსიკის ყურის "ამერიკის ყურედ" მოხსენიებას არ დაიწყებდა. 

ცნობისთვის, ტრამპის 20 იანვრის აღმასრულებელი ბრძანებით, სახელი შეეცვალა მექსიკის ყურეს და მას ამერიკის ყურე დაერქვა. 

9 თებერვალს კი თვითმფრინავში Air Force One ტრამპმა მექსიკის ყურის ამერიკის ყურედ ოფიციალურად გამოცხადების პროკლამაციას მოაწერა ხელი და 9 თებერვალი "ამერიკის ყურის დღედ" გამოაცხადა. 

მალევე ამერიკელი მომხმარებლებისთვის აპლიკაცია Google Maps-ში მექსიკის ყურეს სახელი გადაერქვა. ის ამჟამად ამერიკის ყურედაა მოხსენიებული

Google-ის ცნობით, ის ადამიანები, რომლებიც აპლიკაციას აშშ-ში მოიხმარენ, დაინახავენ წარწერას "ამერიკის ყურე", ხოლო აშშ-ს გარეთ მყოფი ნებისმიერი მომხმარებელი შესაბამის ლოკაციაზე ყურის ორივე  დასახელებას დაინახავს. 

კომენტარები