თემურ ქათამაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა 21 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა.
"მიუხედავად მისი მოთხოვნისა, უარი ეთქვა მუდმივი მონიტორინგის მიზნებისთვის სამედიცინო კლინიკაში დარჩენაზე, რის შემდგომაც თემურ ქათამაძე უარს ამბობს იმ მინიმალური სასიცოცხლო პარამეტრების შემოწმებაზე, დროებითი მოთავსების ცენტრში, რასაც უტარებდნენ ამ დღეების განმავლობაში. შესაბამისად, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას, გვიწევს, დავეყრდნოთ მხოლოდ მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. [...] როგორც ის განმარტავს, თავს მხნედ გრძნობს, თუმცაღა შიმშილობის ამ ვადაზე, როდესაც საუბარი არის 37 დღეზე, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი. [...]
მიუხედავად მისი მდგომარეობისა, განაგრძობს საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლას. ბოლოს მან თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინ მიმართა ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მოთხოვნით, რაც ამ ეტაპზე არის ის ერთადერთი საშუალება, რის საფუძველზეც შეიძლება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ის კანონიერი საფუძვლით დარჩეს." - თქვა ქათამაძის ადვოკატმა ფორმუსთან ინტერვიუში.
ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს, რის შემდეგაც ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო.
ქათამაძის მიერ ბათუმელებისთვს ემიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში რეჟიმის პატიმარი წერდა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადა ირაკლი დგებუაძემ და 10-მა პოლიციელმა.
21 თებერვალს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქათამაძეს მიმართა და მოუწოდა, რომ "ქვეყნის გადარჩენას" არა მსხვერპლი, არამედ "ცოცხალი მებრძოლი სჭირდება".
თემურ ქათამაძე 37-ე დღეა შიმშილობს.