ტელეკომპანია პირველი

ელბაქიძის აღმართთან გაიტაცეს ტვ პირველის ოპერატორი, უცნობია მისი ადგილსამყოფელი - მელაძე

"რედისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ, პოლიციამ დააკავა "ტვ პირველის" ოპერატორი

ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი სავარაუდოდ, პოლიციამ დააკავა. მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ დაკავების კადრებში ჩანს, რომ ჯიოშვილს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული არაიდენტიფიცირებული პირები მანქანაში სვამენ.

"თბილისში ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი. ლაშა საპროტესტო აქციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ის, სავარაუდოდ პოლიცილებმა გატაცეს. ტვ პირველის იურისტი ცდილობს დაადგინოს მომხდარის გარემოებები.

ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია ლაშა ჯიოშვილის ადგილსამყოფელი - შს სამინსიტრო კავშირზე არ გამოდის.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ გაათავისუფლოს ტვ პირველის ოპერატორი." - ამის შესახებ ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე წერს.

ერთ-ერთი თვითმხილველი ტელეკომპანია პირველთან ამბობს, რომ ჯიოშვილი დაახლოებით ათმა ადამიანმა დააკავა, რომელთაგან მხოლოდ ერთმა პირმა წარუდგინა მათ თავი პოლიციად. მისივე თქმით, შავი ფერის ტანსაცმელში ჩაცმული ორი ადამიანი საბოლოოდ შინაგან საქმეთა სამინიტროს მანქანაში ჩაჯდა.

"ვბრუნდებოდით სახლში, ქუჩა სრულიად ცარიელი იყო და დროშიანი ბიჭი მირბოდა, უკან მისდევდა 10 სრულიად შავებში ჩაცმული ადამიანი და მივხვდით, რომ რაღაც არ იყო რიგზე. მანქანასთან მიიმწყვდიეს, ეგრევე ჩამოვედით მანქანიდან და ჩავრთეთ ლაივი. რომ დაგვინახეთ ვიღებდით, ნიღბები ეგრევე გაიკეთეს. ერთ-ერთი ჩანს კიდეც სახეზე. ვეკითხებოდით, რომ ვინ იყვნენ, არ გაგვცეს პასუხი, ერთ-ერთმა ძალიან ბევრი კითხვის მერე გვითხრა, რომ პოლიცია ვართო. არანაირი დამადასტურებელი საბუთი ამისი არ უჩვენებიათ, არ ეცვათ ფორმა, ერთ-ერთს ეცვა ქურთუკი, რომელზეც იყო საქართველოს დროშა, ოღონდ მერე დავინახე ეგ და არ ვიცი, როგორ უნდა მივხვდე, ეგ პოლიცია არის თუ არა. პასუხი მაინც უნდა გაგვცეს, თუ სამართალდამცავია, რატომ და რა ხდება. 

შემდეგ ჩასვეს ეს ადამიანი ძალისმიერად მანქანაში, ორი შავებში ჩაცმული ადამიანი ვერ ჩაეტია. თავიდან წავიდნენ ზემოთ ეს ადამიანები, შემდეგ გამოიქცნენ უკან ქვემოთ. აქვე იდგა პატრული, რომელსაც ვუთხარით, რომ ადამიანი გაიტაცეს, მათ შორის ამ ორმა ადამიანმა და თუ შეიძლება, რომ გაჰკიდებოდა და ძალიან დაიბნა ეს პატრული, რა თქმა უნდა, რეაგირება არ ჰქონია. წინ იდგა ერთი პატრულის მანქანა და იმან ფანჯარაც არ ჩამოწია და მოგვიწია ჩვენ რომ გავკიდებოდით ორ ნიღბიან ადამიანს ბოლომდე. ავიდნენ მაკდონალდსთან და ჩასხდნენ პოლიციის მანქანაში. მერე მივედით მანქანასთან, ლამის ფეხზე გადამიარა მანქანამ და წავიდნენ." - ამბობს ის.

როგორც კადრებში ისმის, დაკავების დროს, ჯიოშვილი ამბობდა, რომ მას ჯიბეში რაღაცას უდებდნენ.

კომენტარები