რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

კირ სტარმერი უკრაინაში ომზე მაკრონის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრება

johnogroat-journal

მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ პარიზში ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრება, რომელზეც ევროპელი ლიდერები უკრაინაში ომს და ევროპის უსაფრთხოების პერსპექტივებს განიხილავენ.

გამოცემები წერენ, რომ სტარმერი ამ კვირაში აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც შეხვდება და მას პარიზის შეხვედრის გზავნილებს შეატყობინებს.

გამოცემა The Guardian ბრიტანულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პარიზში, სავარაუდოდ, NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე და გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და პოლონეთის ლიდერები არიან მიწვეულები. 

"ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის , როდესაც ჩვენ პირისპირ ვდგებით დღევანდელი მსოფლიოს რეალობისა და იმ საფრთხის წინაშე, რომელიც ჩვენთვის რუსეთისგან მოდის. ნათელია, რომ ევროპამ NATO-ში უფრო დიდი როლი უნდა იკისროს, სანამ უკრაინის მომავლის დასაცავად აშშ-სთან ვთანამშრომლობთ და რუსეთისგან მომავალ საფრთხეს ვუპირისპირდებით. გაერთიანებული სამეფო იმუშავებს, რათა უზრუნველყოს, რომ აშშ-ს და ევროპას ერთად ვინარჩუნებთ. ვერ დავუშვებთ, რომ ალიანსში ნებისმიერმა დაყოფამ ყურადღება გადაგვატანინოს გარეგანი მტრისგან, რომლის წინაშეც ვდგავართ". - თქვა სტარმერმა. 

მანამდე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ თქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპელი ლიდერები პარიზში რუსეთ-უკრაინის ომთან და ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეხვედრაზე მიიწვია. 

გამოცემა Bloomberg-თან საუბრისას მაკრონის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე დისკუსია მიმდინარეობს. ამასთან, გამოცემის თანახმად, ევროკომისიის სპიკერმა თქვა, რომ საუბრები მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი გადაწყვეტილა. 

Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრაზე, მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა არიან მიწვეულები. 

მანამდე, უკრაინასა და რუსეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელმა, კით კელოგმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპა არ უნდა იყოს. თუმცა, კელოგმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე ევროპული ინტერესების გათვალისწინება საჭიროა. 

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია მალმერ შტენერგარდმა კელოგის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ თუკი ევროპის მხრიდან უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნა განიხილება, მაშინ ის მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს.

კომენტარები