საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში აშშ-ს დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრის შესახებ X-ზე ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაწერა.
"მადლიერი ვარ, მენახა ჩემი კარგი მეგობარი და საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი! არალეგიტიმურმა ივანიშვილმა ოქტომბერში არჩევნები გააყალბა და ახლა საქართველოში დიქტატურას ამყარებს. საჭიროა, რომ რეჟიმი დაუყოვნებლივ დავასანქციროთ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გზაა წინ!" - წერს უილსონი.
აშშ-ს დელეგაციის გარდა, მიუნხენის კონფერენციის მეორე დღეს ზურაბიშვილი შეხვდა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კაია კალასს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟან-ნოელ ბაროს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს, ჩეხეთის, მოლდოვისა და ესტონეთის პრეზიდენტებს, ლუქსემბურგის პრემიერმინისტრსა და სხვა ლიდერებს.
არსებული ინფორმაციით, ზურაბიშვილმა აღნიშნულ ლიდერებს გადასცა ქართული მედიის 17 წარმომადგენლის ერთობლივი წერილი და მათ რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ჟურნალისტისა და ნეტგაზეთის მოშიმშილე დირექტორის, მზია ამაღლობელის მდგომარეობაზეც ესაუბრა.