ოკუპირებული აფხაზეთი

EU: მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ ვცნობთ აფხაზეთის ე.წ. არჩევნებს

Giorgi Arjevanidze/AFP via Getty Images

ევროკავშირის პრესსპიკერი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს

"ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში.

რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ, თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რეგიონში 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს ამ არჩევნების ჩატარების კონსტიტუციურ თუ სამართლებრივ ჩარჩოებს.

ევროკავშირი გააგრძელებს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებას". - განაცხადა ევროკავშირის პრესსპიკერმა. 

ცნობისთვის, 15 თებერვალს, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დილის 8:00 საათიდან 152 საარჩევნო უბანი გაიხსნა. გარდა ამისა, ორი საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს რუსეთის ტერიტორიაზე - მოსკოვსა და ჩერკესკში. "არჩევნებამდე" ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ არ გაიხსნება საარჩევნო უბანი თურქეთში.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო სიაში რეგისტრირებულია 134 000 ადამიანი. 

მარიონეტი პრეზიდენტის თანამდებობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის:

  • ადგურ არძინბა – აფხაზური სახალხო მოძრაობის თავმჯდომარე, ყოფილი ე.წ. ვიცეპრემიერი, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი; 
  • რობერტ არშბა – ე.წ. აფზაზეთის რესპუბლიკის კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე;
  • ოლეგ ბარციცი – რუსეთის ფედერაციაშია მარიონეტული რეჟიმის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი;
  • ბადრა გუნბა – ე.წ. ყოფილი ვიცეპრემიერი, ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ თვითგამოცხადებული პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი;
  • ადგურ ხურხუმალი – ეკონომისტი, შავი ზღვის განვითარების ბანკის თავმჯდომარე;

15 თებერვლის "არჩევნები" ვადამდელია, 2024 წლის მიწურულს თანამდებობა დატოვა მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ. მისი მოვალეობების შემსრულებელი ბადრა გუნბა გახდა.

არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი ღიად პრორუსია, თუმცა კრემლის ფავორიტი ბჟანიას თანაგუნდელი გუნბაა, რომელიც ბოლო პერიოდში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის პირველ მოადგილეს სერგეი კირიენკოს.

კომენტარები