მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

ჰოისგენი: რუსეთისთვის მიუნხენის კონფერენციაზე დასასწრები აკრედიტაციები არ გაგვიცია

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის, კრისტოფ ჰოისგენის თქმით, მათ რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებისთვის კონფერენციაზე დასწრებისთვის აუცილებელი აკრედიტაციები არ გაუციათ. ამის შესახებ მან რადიოსადგურ Deutschlandfunk-თან ისაუბრა.

"რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციები არ გაგვიცია. კონფერენციას აკრედიტაციის გარეშე ვერავინ დაესწრება". - თქვა ჰოისგენმა.

ამასთან, ჰოისგენის თქმით, ფედერალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მას ასევე შეატყობინეს, რომ რუსეთის წარმომადგენლებისთვის შესაბამისი ვიზებიც არ გაცემულა.

პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის წარმომადგენლები "არ მიუწვევიათ".

"როგორც იცით, რუსეთის წარმომადგენლები მიუნხენის კონფერენციაზე არ მიუწვევიათ. ეს გადაწყვეტილება წლების წინაა მიღებული [...] შესაბამისად, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იქ არ იქნებიან არც საგარეო საქმეთა სამინისტროს და არც რომელიმე სხვა რუსული უწყების წარმომადგენლები". - თქვა ზახაროვამ.

გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ს და რუსეთის წარმომადგენლები მიუნხენის კონფერენციაზე შეხვდებიან, სადაც უკრაინაც იქნება წარმოდგენილი.

"ხვალ, მიუნხენის კონფერენციაზე ჩვენ ხალხთან ერთად რუსეთის წარმომადგენლებიც იქნებიან. მიწვეულია უკრაინაც. ზუსტად არ ვიცი ვინ დაესწრება, თუმცა, იქნებიან მაღალი რანგის წარმომადგენლები როგორც რუსეთიდან, ასევე აშშ-დან და უკრაინიდან". - თქვა ტრამპმა.

კომენტარები