14 თებერვალს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვაზე თხოვა თუ არა მან პიტ ჰეგსეთს უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესახებ გაკეთებული განცხადების შერბილება, უარით უპასუხა. ტრამპის თქმით, ჰეგსეთის გუშინდელი განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის NATO-ს წევრობა არ იქნება მოლაპარაკებით მიღწეული გარიგების რეალისტური შედეგი, საკმაოდ სწორი იყო.
"მე ვფიქრობ, რომ მისი გუშინდელი კომენტარები კარგი იყო და, ალბათ, დღევანდელიც კარგია, შესაძლოა, ოდნავ შერბილებული. ვფიქრობ, მისი გუშინდელი განცხადება საკმაოდ ზუსტი იყო. არ მგონია, რომ რუსეთის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დაუშვებდა.
რუსეთ იქამდეც, სანამ პუტინი პრეზიდენტი გახდებოდა, ამ საკითხზე საკმაოდ მკაცრი პოზიცია ეჭირა. მე მჯერა, რომ ომი სწორედ ამიტომ დაიწყო – რადგან ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანდებოდა. მას არ უნდა ეთქვა ეს. იმ წამსვე ვთქვი: "იცით რა, ახლა თქვენ ომს მიიღებთ", და მართალი აღმოვჩნდი. ეს არის ომი, რომელიც არასოდეს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. მე ვფიქრობ, რომ ბაიდენი არაკომპეტენტურია.როდესაც ბაიდენმა თქვა - ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მცირე შეჭრა იქნება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანუ რუსეთის მცირე შეჭრა მისაღებია, მე ვიფიქრე, რომ ეს ძალიან სულელური განცხადება იყო. " - უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტს.
12 თებერვალს აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა თქვა, რომ აშშ-ს აზრით, უკრაინისთვის NATO-ს წევრობა არ იქნება მოლაპარაკებით მიღწეული გარიგების რეალისტური შედეგი.
დღეს, 14 თებერვალს, NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კი ჰეგსეთმა თქვა, რომ სურს უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესახებ მისი აქამდე გაკეთებული განცხადება განმარტოს.
მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უძღვება და სწორედ ის გადაწყვეტს რა იქნება დასაშვები და რა არა:
"მსურს ერთი რამ ნათლად აღვნიშნო, რაც შეეხება მოლაპარაკებების შედეგად NATO-ს წევრობას, როგორც არარეალურ შედეგს მოლაპარაკებების პროცესში. ეს არის ის, რაც აქ ითქვა ჩემი სიტყვით გამოსვლის ნაწილში, რაც არის კოორდინაციის ნაწილი, თუ როგორ ვასრულებთ მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომლებსაც პრეზიდენტი ტრამპი უძღვება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ მოლაპარაკებებს უძღვება პრეზიდენტი ტრამპი, ყველაფერი განხილვის საგანია მის საუბრებში ვლადიმირ პუტინთან და ზელენსკისთან. რის დაშვებას ან არდაშვებას გადაწყვეტს ის, არის პრეზიდენტი ტრამპის, თავისუფალი მსოფლიოს ლიდერის უფლებამოსილება. ასე რომ, მე ამ სცენაზე არ ვიდგები და არ გამოვაცხადებ რას გააკეთებს და რას არ გააკეთებს პრეზიდენტი ტრამპი, რას შევა [შეთანხმებაში] და რა არა, რა დათმობები გაკეთდება და რა არა" - თქვა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა.
12 თებერვალს აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, რომლის თავმჯდომარეც პირველად იყო გაერთიანებული სამეფო, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა წარადგინა.
ჰეგსეთმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს, ევროპის მსგავსად, "სუვერენული და აყვავებული უკრაინა სურს", მაგრამ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის "2014 წლამდელ საზღვრებთან დაბრუნება არარეალური ამოცანაა".
"ამ წარმოსახვითი მიზნის დევნა მხოლოდ გაახანგრძლივებს ომს და მეტ ტანჯვას გამოიწვევს". - თქვა მან.
აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თქმით, "უკრაინისთვის გრძელვადიანი მშვიდობა უნდა მოიცავდეს მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ომი ხელახლა არ დაიწყება. ეს არ უნდა იყოს მინსკი 3.0".
"ამის მიუხედავად, აშშ-ს აზრით, უკრაინისთვის NATO-ს წევრობა არ იქნება მოლაპარაკებით მიღწეული გარიგების რეალისტური შედეგი". - დაამატა მან.





