აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სურს უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესახებ მისი აქამდე გაკეთებული განცხადება განმარტოს. მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უძღვება და სწორედ ის გადაწყვეტს რა იქნება დასაშვები და რა არა:
"მსურს ერთი რამ ნათლად აღვნიშნო, რაც შეეხება მოლაპარაკებების შედეგად NATO-ს წევრობას, როგორც არარეალურ შედეგს მოლაპარაკებების პროცესში. ეს არის ის, რაც აქ ითქვა ჩემი სიტყვით გამოსვლის ნაწილში, რაც არის კოორდინაციის ნაწილი, თუ როგორ ვასრულებთ მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომლებსაც პრეზიდენტი ტრამპი უძღვება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ მოლაპარაკებებს უძღვება პრეზიდენტი ტრამპი, ყველაფერი განხილვის საგანია მის საუბრებში ვლადიმირ პუტინთან და ზელენსკისთან. რის დაშვებას ან არდაშვებას გადაწყვეტს ის, არის პრეზიდენტი ტრამპის, თავისუფალი მსოფლიოს ლიდერის უფლებამოსილება. ასე რომ, მე ამ სცენაზე არ ვიდგები და არ გამოვაცხადებ რას გააკეთებს და რას არ გააკეთებს პრეზიდენტი ტრამპი, რას შევა [შეთანხმებაში] და რა არა, რა დათმობები გაკეთდება და რა არა" - თქვა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა.
პიტ ჰეგსეთმა ასევე დაამატა, რომ უკრაინის საზღვრების 2014 წლამდელ მდგომარეობაში არ დაბრუნება, არ არის პუტინისადმი დათმობა. მისი თქმით, " ეს არის ადგილზე უხეში ძალის რეალობის აღიარება":
"მე, ჩემს გუნდს შეუძლია შეაფასოს, სავარაუდოდ, რა არის რეალისტური, შესაძლო შედეგი. მე ვფიქრობ, რომ რეალიზმი საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მეგობრებს შორის საკმარისად არ არსებობდა. მაგრამ უბრალოდ რეალიზმის მითითება, მაგალითად, რომ საზღვრები არ დაბრუნდება ისე, როგორც ყველას სურდა 2014 წელს ენახა, ეს არაა ვლადიმირ პუტინისადმი დათმობა. ეს არის ადგილზე უხეში ძალის რეალობის აღიარება, მრავალი მსხვერპლის შემდეგ, ჯერ უკრაინელების, შემდეგ კი მოკავშირეების მხრიდან, ასევე ეს არის იმის გაცნობიერება, რომ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული მშვიდობა იქნება რაღაც სახის დემარკაცია, რომელიც არც ერთ მხარეს სურს" - თქვა ჰეგსეთმა.
12 თებერვალს აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, რომლის თავმჯდომარეც პირველად იყო გაერთიანებული სამეფო, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა წარადგინა.
ჰეგსეთმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს, ევროპის მსგავსად, "სუვერენული და აყვავებული უკრაინა სურს", მაგრამ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის "2014 წლამდელ საზღვრებთან დაბრუნება არარეალური ამოცანაა".
"ამ წარმოსახვითი მიზნის დევნა მხოლოდ გაახანგრძლივებს ომს და მეტ ტანჯვას გამოიწვევს". - თქვა მან.
აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თქმით, "უკრაინისთვის გრძელვადიანი მშვიდობა უნდა მოიცავდეს მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ომი ხელახლა არ დაიწყება. ეს არ უნდა იყოს მინსკი 3.0".
"ამის მიუხედავად, აშშ-ს აზრით, უკრაინისთვის NATO-ს წევრობა არ იქნება მოლაპარაკებით მიღწეული გარიგების რეალისტური შედეგი". - დაამატა მან.