დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

NBC News: ხარჯების შესამცირებლად ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა, რამდენიმე საკონსულო დახუროს

დონალდ ტრამპი

NBC News-ის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ხარჯების შემცირების მიზნით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში საკონსულოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების დახურვას განიხილავს. ამის შესახებ ტელემაუწყებლობა NBC News-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამმა მაღალჩინოსანმა აცნობა.

ტელემაუწყებლობის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, ევროპას, კანადას, მექსიკასა და წყნარი ოკეანის კუნძულებს შეეხოს. მაღალჩინოსნების თქმით, ტრამპმა უკვე გადახედა პოტენციური საკონსულოების სიას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

წყაროების ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა ზოგიერთი საკონსულო გადახედვას უკვე დაუქვემდებარეს. ამას გარდა, ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები განიხილავენ საკონსულოების დიპლომატიურ საჭიროებას და მსჯელობენ დამატებით სამთავრობო აქტივობებზე, რამაც შესაძლოა ისინი ჩაანაცვლოს, როგორიცაა სამხედრო კონტრაქტები და სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება. 

ამასთანავე, მაღალჩინოსნებმა NBC News-თან თქვეს, რომ საკონსულოების ძირითადი ნაწილი, რომელიც შესაძლოა ამ გადაწყვეტილების სამიზნე გახდეს, გერმანიასა და საფრანგეთშია.

კომენტარები