შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ განცხადება გააკეთა.
სტენერგარდი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები "არათანაბარი სათამაშო პირობებით" და პოლარიზაციით, ზეწოლით გამოირჩეოდა.
მარია სტენერგარდის თქმით, შვედეთს სურს სანქციები დაუწესოს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილე, პასუხისმგებელ პირებს.
"საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი.
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა არათანაბარი სათამაშო პირობებით, მძაფრი პოლარიზაციით, ზეწოლითა და მუქარით ამომრჩევლების წინააღმდეგ.
ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიუღებელია და შვედეთს სურს სანქციები დაეკისროს პასუხისმგებელ პირებს.
ამის პარალელურად, ჩვენ უნდა განვაგრძოთ დემოკრატიული და პრო-ევროპული მოძრაობების მხარდაჭერა საქართველოში". - თქვა მარია სტენერგარდმა.