საქართველო-გერმანია

განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ მზია ამაღლობელის საქმის გამო – გერმანიის საელჩო

გერმანიის საელჩო საქართველოში განცხადებას აქვეყნებს, სადაც საუბარია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესებსა და მზია ამაღლობელის საქმეზე.

საელჩოს განცხადებით, "როგორც ჩანს, უნდა მოხდეს იმ ადამიანების დაშინება, რომლებიც თავიანთი ძირითადი უფლებებით სარგებლობენ" და შეშფოთებას გამოთქვამს იმაზე, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ჩადენილი დარღვევების მოკვლევა ჯერ არ ჩატარებულა.

"ამჟამად დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენიმე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ზოგიერთ მათგანს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება. ამასთან სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ჩადენილი დარღვევების სერიოზული მოკვლევა ჯერ არ ჩატარებულა. განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმის გამო, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად წინასწარი პატიმრობიდან არ ათავისუფლებენ.

გერმანიის საელჩო ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად აგრძელებს სასამართლო პროცესების დაკვირვებას და თვლის, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაცული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები, განსაკუთრებით კი კანონის წინაშე თანასწორობის, პროპორციულობის, სამართლებრივი უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვის პრინციპები. ასე მაგალითად, სასამართლო პრაქტიკაში სერიოზულად უნდა იქნას მიღებული საკანონმდებლო დებულებები წინასწარი პატიმრობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ.

როგორც ჩანს, უნდა მოხდეს იმ ადამიანების დაშინება, რომლებიც თავიანთი ძირითადი უფლებებით სარგებლობენ. შესაძლო სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისას არ უნდა იქნას გამოყენებული განსხვავებული სტანდარტები დემონსტრანტებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ". - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 32 დღეა შიმშილობს. ამაღლობელი საპატიმროდან ვივამედის კლინიკაში 4 თებერვალს გადაიყვანეს.

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები