ამერიკელი მასწავლებელი და რუსეთში აშშ-ს საელჩოს ყოფილი თანამშრომელი, მარკ ფოგელი 11 თებერვალს რუსეთში 3.5-წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც იგი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა.
"მგონია, რომ ახლა დედამიწაზე ყველაზე იღბლიანი კაცი ვარ". - თქვა ფოგელმა და დაამატა, რომ იგი "სკოლის მასწავლებელია საშუალო კლასიდან, რომელიც ახლა სიზმრების სამყაროში იმყოფება".
ამასთანავე, ტრამპის თქმით, ფოგელის გამოშვება "შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს" უკრაინაში ომის დამთავრების მხრივ. ტრამპმა და ფოგელმა ასევე მადლობა გადაუხადეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მისი გათავისუფლებისთვის.
ტრამპმა ასევე დაამატა, რომ ოთხშაბათს, 12 თებერვალს, კიდევ ერთი პირი გათავისუფლდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია მისი ვინაობა.
კითხვაზე, თუ რა დათმობაზე წავიდა აშშ ფოგელის გასათავისუფლებლად, ტრამპმა რეპორტიორებს უთხრა, რომ "ბევრი არაფერი" და პატიმრის გამოშვებას რუსეთის მხრიდან კეთილი ნების გამოხატულება უწოდა.
11 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა, თუმცა, არ იყო დაზუსტებული, თუ რას ეხებოდა ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტი.
მოგვიანებით თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ უიტკოფი მართლაც რუსეთში ჩავიდა ფოგელის გათავისუფლებისა და სამშობლოში დაბრუნების მიზნით.
"პრეზიდენტმა ტრამპმა, მრჩეველმა უიტკოფმა და პრეზიდენტის სხვა მრჩევლებმა აწარმოვეს მოლაპარაკებები პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით. რუსეთის მხრიდან [ფოგელის გათავისუფლება] კეთილი ნების გამოხატულებაა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნები სწორი მიმართულებით მოძრაობენ, რათა ბოლო მოეღოს უკრაინაში მიმდინარე სასტიკ და საშინელ ომს". – თქვა უოლცმა.
ფოგელი, 2021 წლის აგვისტოში რუსეთში მარიხუანის შეტანის ბრალდებით დააკავეს, რის გამოც მას 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა იგი უკანონოდ დაკავებულად გამოაცხადა.