რუსული რეჟიმი

აბსოლუტურად რელევანტურია - კობახიძე "საბოტაჟის საქმეზე" გამოძიების დაწყებაზე

ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს  მიმართვის საფუძველზე, "საბოტაჟის მცდელობის საქმეზე" დაწყებული გამოძიება აბსოლუტურად რელევანტურია. 

კობახიძის აზრით, ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებში კოორდინირებული ქმედებები იკვეთება:

"ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად რელევანტურია ეს გამოძიება დანარჩენს, რა თქმა უნდა, თავად პროკურატურა და საბოლოო ჯამში სასამართლო დაადგენს. 

თუ გავცდებით სამართლებრივ შეფასებას და პოლიტიკურად შევხედავთ მოვლენებს, რომლებიც ვითარდება ამ წლების განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში,  თქვენ ხედავთ, რომ არის კოორდინირებული მცდელობა დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები. რა თქმა უნდა, წარმატებას შესაბამისი ძალები ვერ აღწევენ, თუმცა მცდელობა არის უკვე დასჯადი. 

ასევე თქვენ ხედავთ, რომ პირდაპირ საუბრები მიდის ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევაზე, აქაც არის აბსოლუტურად კოორდინირებული ძალისხმევა და ამ ყველაფერს სჭირდება ბუნებრივია გამოძიება, დანარჩენს დაადგენენ პროკურატურა და შემდეგ, რა თქმა უნდა, სასამართლო". - ამბობს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის 18 იანვარს, ივანიშვილის სატელიტმა მოძრაობამ, ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ პროკურატურას "პოლიტიკური ველის ჯაშუშებისგან გასაწმენდად" განცხადებით მიმართა.

სატელიტების მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ 8 თებერვალს გამოძიება დაიწყო. 

კომენტარები