სამხრეთ კორეული მედია Yonhap ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 200 ერთეული შორი რადიუსის საარტილერიო დანადგარი გაუგზავნა უკრაინის წინააღმდეგ ომში დასახმარებლად.
ამასთანავე, სამხრეთ კორეის გაფრთხილებით, ჩრდილოეთ კორეა, დიდი ალბათობით, რუსეთში დამატებითი ჯარისკაცებისა და შეიარაღების გასაგზავნად ემზადება, რითაც დასტურდება უკრაინის დაზვერვის მიერ მანამდე გავრცელებული ცნობები.
Yonhap-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო ეჭვობს, რომ რუსეთი სამხედრო დახმარების სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული წყალქვეშა ნავებისა და კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების მხრივ ტექნოლოგიურად ეხმარება.
სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის (NIS) იანვრის თვის ინფორმაციით, რუსეთის კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებების შედეგად ჩრდილოეთ კორეის, სულ მცირე, 300 სამხედრო დაიღუპა, ხოლო 2 700 - დაიჭრა. თუმცა, უკრაინული მხარის გათვლებით ეს რიცხვი უფრო მაღალია და ჩრდილოეთ კორეის დანაკარგები 4 000-მდე მოკლულ ან დაჭრილ სამხედროს მოიცავს.
ცნობისთვის, 30 იანვარს გამოცემა New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები კურსკის ფრონტიდან "ძლიერი დანაკარგების" გამო გაიყვანა.
ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გამოცემა წერდა, რომ უკრაინელ სამხედროებს იანვრის თვის ბოლო ორი კვირის განმავლობაში კურსკის ოლქში ჩრდილოკორეელი სამხედროები აღარ შეუნიშნავთ.
23 დეკემბერს, სამხრეთ კორეის არმიამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ემზადება, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს დამატებით სამხედროებითა და შეიარაღებით, მათ შორის, კამიკაძე დრონებით, დაეხმაროს.
მანამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 5 ნოემბერს პირველად განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები პირველად დაუპირისპირდნენ კურსკის ოლქში გადასხმულ ჩრდილოეთკორეელთა დანაყოფებს.
თუმცა, 21 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში ჯარების გადაყვანასთან დაკავშირებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.
ორი დღის შემდეგ აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ. ამას გარდა, სამხრეთ კორეის პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 3 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინასთან ომში რუსეთის მხარდასაჭერად.
სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ გადაწყვიტა, უკრაინაში, ჯამში, 12,000 ჯარისკაცისგან შემდგარი ოთხი ბრიგადა გაგზავნოს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 დეკემბერს განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩრდილოკორეელ ჯარისკაცებს უკვე იყენებენ.