რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი თანამდებობიდან გადადგა. შესაბამისი გადაწყვეტილება იოჰანესმა მას შემდეგ მიიღო, რაც საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა მისი იმპიჩმენტის პროცესი მესამედ წამოიწყეს.
"მე ვტოვებ რუმინეთის პრეზიდენტის თანამდებობას, რათა დავიცვა რუმინეთი და რუმინელი მოქალაქეები ამ კრიზისისგან". - თქვა იოჰანისმა.
გადაწყვეტილება ძალაში 12 თებერვალს შევა. იოჰანესის რიგით მეორე საპრეზიდენტო ვადა გასული წლის 21 დეკემბერს გავიდა, თუმცა, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შედეგების ანულირების გამო, ის თანამდებობას დროებით, ახალი არჩევნების გამართვამდე იკავებდა.
რუმინეთში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 2025 წლის 4 მაისს, ხოლო მეორე ტური კი 18 მაისს გაიმართება.
1 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ანულირებულად გამოაცხადა 2024 წლის 24 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები, რომელთა მიხედვითაც ულტრამემარჯვენე და პრორუსული განწყობების მქონე საპრეზიდენტო კანდიდატმა კალინ ჯორჯესკუმ 23%-იანი მხარდაჭერით პირველი ადგილი დაიკავა.
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პირველი ტურის შედეგების გაუქმების მიზეზი რუსეთის მიერ კოორდინირებული ონლაინ კამპანიის წარმოება გახდა, რითაც რუსეთი ცდილობდა, არჩევნებში სწორედ ჯორჯესკუს გაემარჯვა.
დაზვერვის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთი სოციალურ მედიაში, მათ შორის, TikTok-სა და Telegram-ზე კალინ ჯორჯესკუს ათასობით მხარდამჭერ ანგარიშს მართავდა, რუმინეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე 2 დღით ადრე გაასაჯაროვა.