2025 წლის რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნები

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად რუმინეთის პრემიერმინისტრმა თანამდებობა დატოვა

რუმინეთის პრემიერმინისტრმა, მარჩელ ჩოლაკუ თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც სამთავრობო კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნების მეორე ტურში ვერ გადავიდა.

პრემიერმინისტრის თქმით, მისი სოციალ-დემოკრატიული პარტია დატოვებს სამთავრობო კოალიციას, თუმცა პარტიის წევრები, რომლებიც მინისტრთა კაბინეტში არიან, შეინარჩუნებენ თანამდებობეს სანამ საპრეზიდენტო არჩევნები არ დასრულდება.

საბოლოო შედეგების მიხედვით, 4 მაისს გამართულ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ევროსკეპტიკური განწყობების მქონე პოპულისტმა კანდიდატმა, ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა.

სიმიონმა ხმების 40,96% მოიპოვა. მეორე ადგილზე კი ბუქარესტის მერი, დამოუკიდებელი კანდიდატი, ნიკუსორ დენი 20,99%-ით გავიდა. 

წინასწარი მონაცემებით მეორე ადგილს ყოფილი სენატორი, კრინ ანტონესკუ იკავებდა, თუმცა მისი და ბუქარესტის მერს შორის ძალიან პატარა სხვაობა იყო, რომელიც ყველა საარჩევნო უბნის დათვლის შემდეგ, დანის უპირატესობით დასრულდა. ანტონესკუს სამი "პროდასავლური" პარტია უჭერდა მხარს და  20,07%-ით მესამე ადგილზე გავიდა.

38 წლის ჯორჯე სიმიონი ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას და ევროკავშირის ლიდერების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი.

"ეს არა მხოლოდ საარჩევნო გამარჯვებაა, ეს რუმინული ღირსების გამარჯვებაცაა. ეს არის მათი გამარჯვება, ვისაც იმედი არ დაუკარგავს. მათი, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა რუმინეთის, როგორც თავისუფალი, პატივცემული და სუვერენული ქვეყნის" - თქვა სიმიონმა შედეგების გამოცხადების შემდეგ

სიმიონი საარჩევნო კამპანიის დროს აღნიშნავდა, რომ ის აშშ-ს პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის პოლიტიკას მხარს უჭერდა და რუმინეთს NATO-ს ფარგლებში აშშ-ს ძლიერ პარტნიორად აქცევდა.

თავის მხრივ, ნიკუსორ დენის საარჩევნო კამპანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე იყო კონცენტრირებული და სიმიონის პოპულისტურ და იზოლაციონისტურ პოზიციებს ეწინააღმდეგება.

"მეორე ტური რთული იქნება, რადგან ის იზოლაციონისტ კანდიდატთან გაიმართება. ეს არ იქნება დებატი ორ ინდივიდს შორის - ეს იქნება დებატი ორი მიმართულების შესახებ: პროდასავლური და ანტიდასავლური მიმართულების შესახებ, რომელთაგან რუმინეთმა ერთი უნდა აირჩიოს. ჩვენი ამოცანაა რუმინელების დაჯერება, რომ ქვეყანას პროდასავლური კურსი სჭირდება და ამ ორი კვირის განმავლობაში ჩვენი კამპანია სწორედ ამაზე იქნება მიმართული" - თქვა დენიმ

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური 18 მაისს არის ჩანიშნული. მასში მონაწილეობას პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები მიიღებენ.


2024 წლის 24 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ანულირებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი კოორდინირებულ ონლაინ კამპანიას აწარმოებდა, რათა კალინ ჯორჯესკუს გაემარჯვა.

ხსენებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე დამოუკიდებელი პრორუსული განწყობების მქონე კანდიდატი, კალინ ჯორჯესკუ გავიდა. 

ის კამპანიას ძირითადად სოციალურ ქსელ TikTok-ზე აწარმოებდა. იგი პლატფორმაზე აქტიურად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისადმი რუმინეთის დახმარებას და სკეპტიკურად არის განწყობილი NATO-სა და ევროკავშირის მიმართ.

ევროკავშირმა TikTok-ის წინააღმდეგ რუმინეთის არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიების მიხედვით, სოციალური მედიის პლატფორმამ, შესაძლოა, ევროკავშირის ციფრული წესდება დაარღვია რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ რისკების გამკლავების პროცესში.

გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით ცნობილი გახდა, რომ TikTok-ზე "ინფლუენსერებმა", ჯამში, $381 000-ის ოდენობის თანხა მიიღეს პლატფორმაზე ჯორჯესკუს მხარდასაჭერად. 

ამასთანავე, 9 დეკემბერს რუმინეთის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად ჩატარებულ კოორდინირებულ კიბერკამპანიასთან დაკავშირებით ფინურმა კომპანია Check First-მა ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Meta-მ 4 140 Facebook გვერდს საშუალება მისცა, ჯორჯესკუს მეტოქე ელენა ლასკონიზე თავდასხმითი ხასიათის პოსტები გამოექვეყნებინათ, ხოლო ჯორჯესკუსთვის პოპულარიზაცია გაეწიათ. 

მონაცემების მიხედვით, აღნიშნული კამპანია 160 მილიონამდე მომხმარებელს შეეხო და Meta-ს სარეკლამო პოლიტიკა დაარღვია. გავრცელებული ინფორმაციით, სოციალური ქსელის მეშვეობით ეს თავდასხმები $176 000-დან $280 000-მდე დაჯდა.

მიმდინარე წლის 26 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ულტრამემარჯვენე და პრორუსული განწყობების მქონე პოლიტიკოსი კალინ ჯორჯესკუ დააკავეს და გენერალურ პროკურატურაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მას მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა.

წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, 4 მაისს დაგეგმილ არჩევნებში ჯორჯესკუ, სავარაუდოდ, ხმების 40%-დან 45%-მდე აღებას შეძლებდა, რაც მას რეალურ შესაძლებლობას მისცემდა, რუმინეთის პრეზიდენტი გამხდარიყო.

ბუქარესტის საარჩევნო ბიუროს სპიკერმა 9 მარტს განაცხადა, რომ ჯორჯესკუს კანდიდატურა ბათილად არის ცნობილი. ბიურომ ჯორჯესკუს კანდიდატურასთან დაკავშირებით 1 000-ზე მეტი სარჩელი მიიღო, რაც ძირითადად მის ანტიდემოკრატიულ და ექსტრემისტულ პოზიციებს ეხებოდა.

ბიუროს გადაწყვეტილებას მალევე ჯორჯესკუ X-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ რუმინეთი ტირანიული მმართველობის ქვეშ იმყოფება.

G4Media-ს წყაროების ცნობით, ჯორჯესკუ გენერალური პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების სამიზნე იყო, რომლის ფარგლებშიც მას ფაშისტურ ორგანიზაციაში ჩართულობა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სადავო იდეოლოგიებისა და პირების, მათ შორის, იონ ანტონესკუს პოპულარიზაცია ედებოდა ბრალად. ხოლო Digi24-ის ინფორმაციით, მას ასევე წინასაარჩევნო კამპანიის ფინანსებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის მიწოდებაშიც ადანაშაულებდნენ.

26 თებერვალსვე პროკურატურამ მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში, რომელიც 5 ქვეყნიდან 27 პირს ეხება, 47 სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკების დროს გამომძიებლებმა შეიარაღება, საბრძოლო მასალები და დიდი რაოდენობით თანხა ამოიღეს, მათ შორის, €900 000-ის ოდენობის თანხა პოტრას სახლიდან.

G4Media-ს ინფორმაციით, საქმე ასევე ჯორჯესკუს დაცვის გუნდის უფროსს, ჰორაციუ პოტრას ეხება, რომელიც ასევე ყოფილი დაქირავებული მებრძოლია. რუმინული მედიის ცნობით, პოტრას წინააღმდეგ გამოძიება "ფაშისტური, რასისტული ან ქსენოფობიური ხასიათის ორგანიზაციის შექმნის ან დაარსების" საფუძველზე მიმდინარეობს.

პოტრა, რომელიც საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ყოფილი მებრძოლია, ცნობების მიხედვით, 900-კაციან რუმინელი სამხედრო კონტრაქტორების კონტინგენტს ხელმძღვანელობდა, რომელიც კონგოში იბრძოდა. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას კავშირები რუსულ კსკ ვაგნერთანაც აქვს, თუმცა პოტრა ამ ინფორმაციას უარყოფს.

ამასთანავე, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ერთ-ერთ სურათში პოტრა წინა წელს რუსეთის ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე რუმინეთში რუსეთის ელჩის, ვალერი კუზმინის გვერდით ჩანს. რუმინული მედია ასევე წერს, რომ 2011 წელს პოტრას ორწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს ნახევრადსამხედრო დაჯგუფების შექმნისთვის.

კომენტარები