რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ანდრეი ტარნემ განაცხადა, რომ გამოვლენილია რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში "რუსული ჩარევის" ნიშნები.
"რუსული ჩარევის დამახასიათებელი ნიშნები შესამჩნევია რუმინეთის მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში იმ ფონზე, როცა ვირუსული ყალბი ამბების კამპანია Telegram-სა და სხვა სოციალური მედიის პლატფორმებზე საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. ჩვენ ამას მოველოდით და რუმინეთის ხელისუფლებამ გამოააშკარავა ეს ყალბი ამბები." - დაწერა ტარნემ X-ზე.
ცნობისთვის, დღეს, 18 მაისს, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს პოპულისტი კანდიდატი ჯორჯე სიმიონი და ცენტრისტი ნიკუსორ დენი უპირისპირდებიან. ეგზიტპოლების შედეგები რუმინეთის დროით 21:00 საათზეა (თბილისის დროით 22:00-ზე) მოსალოდნელი.
4 მაისს გამართულ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ევროსკეპტიკური განწყობების მქონე პოპულისტი კანდიდატი, ჯორჯე სიმიონი პირველ ადგილზე გავიდა და ხმების 40,96% აიღო, ხოლო ბუქარესტის მერმა, ნიკუსორ დენმა, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატია, ხმების 20,99%-ით, მეორე ადგილი დაიკავა.
გამომდინარე იქიდან, რომ პირველ ტურში უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 18 მაისს დაინიშნა.





