ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ოპოზიციური პარტიების ლიდერები სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან

ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან. როგორც დახურულ შეხვედრაზე მისული პოლიტიკოსები ამბობენ, განხილული იქნება ოპოზიციურ პარტიებს შორის კოორდინაციისა და სახალხო პროტესტის მხარდაჭერის სხვადასხვა გზა, ასევე საგარეო მიმართულებით რეჟიმის წინააღმდეგ საჭირო მომავალი ნაბიჯები.

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პრეზიდენტთან შეხვედრამდე თქვა, რომ საერთო ოპოზიციური ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. 

"პოლიტიკური პარტიების და პრეზიდენტის შეჯერებული პოზიციაა, ყველაფერზე, იქნება ეს პოლიტპატიმრების დაცვა, იქნება ეს საგარეო არ აღიარების პოლიტიკა, იქნება ეს პროტესტი, თუ სხვა, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი თანამშრომლობა უნდა იყოს ძალიან მჭიდრო" - თქვა ელენე ხოშტარიამ პრეზიდენტთან შეხვედრამდე

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ხაზი გაუსვა ერთიანი ოპოზიციური ძალისხმევით საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მოპოვებულ წარმატებებსა და ამ ძალისხმევის გაძლიერებაზე.

"განხილვის საკითხი იქნება ერთიანი ნაბიჯები,იმ გამოწვევების წინაშე, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა და საზოგადოება, მათ შორის კოორდინაცია სავარაუდოდ, საერთაშორისო მიმართულებით, იქ სადაც დიდი წარმატება დაიდო სწორედ ერთიანი მუშაობის შედეგად. დიდი იმედი მაქვს, რომ სხვა ჯერზეც, ოპოზიცია შეძლებს, რომ ერთიან ფორმატში შევძლოთ მუშაობა, იმიტომ რომ  მიმაჩნია, რომ რეალურად შედეგის დადება ასეა შესაძლებელი" - თქვა თინა ბოკუჩავამ

შეხვედრამდე, პარტია ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა თქვა, რომ "სალომე ზურაბიშვილი, მე როგორც ვიცი, საერთაშორისო ღონისძიებას უნდა დაესწროს და ჩვენი გზავნილი მინდა ვუთხრა, რა იქნება, რას ვთვლით სწორად საერთაშორისო ასპარეზზე, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილს ჩვენ განვიხილავთ, გამაერთიანებელ ფიგურად საგარეო ფრონტზე სალაპარაკოდ".

ძლიერი საქართველოს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის თქმით კი,  "საზოგადოების გამთლიანება, როდესაც ქვეყანა ასეთ კრიზისში იმყოფება, არის მნიშვნელოვანი ქვეყნის გადასარჩენად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი".

შეხვედრამდე, პარტია სამართლიანობისთვის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ "პრეზიდენტს აქვს აქ, უდავოდ, ყველაზე ძლიერი მაკოორდინირებელი და მაკავშირებელი როლი ".

კომენტარები