დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

დონალდ ტრამპმა ხაზინის დეპარტამენტს ერთცენტიანი მონეტების წარმოების შეჩერება დაავალა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხაზინის დეპარტამენტს წარმოების მზარდი ღირებულების გამო, ერთცენტიანი მონეტების მოჭრის შეჩერება დაავალა.

"ამერიკის შეერთებული შტატები ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში ჭრიდა ერთცენტიან მონეტებს, რომლებიც რეალურად ორი ცენტი გვიჯდება. ეს რესურსების ხარჯვაა. მე მივეცი ინსტრუქციები აშშ-ს ფინანსთა მინისტრს, შეაჩეროს ახალი მონეტების წარმოება". - განაცხადა დონალდ ტრამპმა

ერთცენტიანების გაუქმების სურვილის შესახებ ტრამპს საარჩევნო კამპანიისას არ უსაუბრია, თუმცა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს, ეს საკითხი გასულ თვეში პლატფორმა X-ზე წამოაყენა. 

აშშ-ს ზარაფხანას გასულ წელს 85.3 მილიონი დოლარის დანაკარგი ჰქონდა. 2024 წელს ჯამში 3.2 მილიარდზე მეტი ერთენტიანი მოიჭრა. თითო მონეტის წარმოება თითქმის 0.037 დოლარი ჯდებოდა, მაშინ, როცა წინა წლის მონაცემებით, ერთცენტიანის მოჭრა 0.031 დოლარი ღირდა. ზარაფხანა ასევე ხარჯავს თანხებს ნიკელზე, რომელიც თითოეული მონეტის წარმოების ჯამურ ღირებულებას 0.05 დოლარით ზრდის.

ჯერ კიდევ უცნობია, რამდენად მოახერხებს დონალდ ტრამპი ერთცენტიანი მონეტების გაუქმებას, რადგან ვალუტის საკითხებზე გადაწყვეტილებებს კონგრესი იღებს.

"ერთცენტიანის გაუქმების პროცესი ცოტა გაურკვეველია. ალბათ საჭირო იქნება კონგრესის აქტი, თუმცა ფინანსთა მინისტრმა შესაძლოა უბრალოდ შეაჩეროს ახალი მონეტების წარმოება". - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა და Northeastern University-ის პროფესორმა რობერტ ტრიესტმა.

წარსულში კონგრესში რამდენჯერმე სცადეს ერთცენტიანის მონეტის წარმოების შეჩერება ან მისი ბრუნვიდან ამოღება. მონეტების გაუქმების მომხრეები ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას დანახარჯების დაზოგვითა და სწრაფი გადახდის პროცედურებით ასაბუთებენ.

ერთცენტიანის წარმოების შეჩერება არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ში ყველაზე ნაკლები ღირებულების მონეტა გაუქმდება. 1857 წელს კონგრესმა ნახევარცენტიანი მონეტის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. 

"მოდით მოვაცილოთ ჩვენ ბიუჯეტს ნარჩენები, თუნდაც ყოველ ჯერზე ეს თითო ერთცენტიანი იყოს". - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

კომენტარები