აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი

ჩინეთმა აშშ-ს საპასუხო ტარიფები დაუწესა, რაც $14 მილიარდის ღირებულების პროდუქციას შეეხება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინფინგი

ჩინეთმა აშშ-ს საპასუხო ტარიფები დაუწესა, რაც დაახლოებით $14 მილიარდის ღირებულების პროდუქციას შეეხება.

დონალდ ტრამპის მიერ ჩინურ პროდუქციაზე გამოცხადებული 10%-იანი ტარიფების შემდეგ, 4 თებერვალს, ჩინეთმა საპასუხო ზომები მიიღო და სხვადასხვა ამერიკულ პროდუქტზე 10%-იანი და 15%-იანი ტარიფები გამოაცხადა.

ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, დამატებით 15%-იანი ტარიფი დაუწესდა ამერიკულ ნახშირსა და თხევად ბუნებრივ აირს, ხოლო ნედლ ნავთობზე, სოფლის მეურნეობის მანქანებზე, პიკაპის ტიპისა და დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებზე 10%-იანი ტარიფი ამოქმედდა.

გამოცემა Financial Times-ის მიხედვით, მიიჩნეოდა, რომ ჩინეთის მიერ მიღებული ზომები სივრცეს ტოვებდა მოლაპარაკებებისთვის, რათა უფრო ფართო სავაჭრო დაპირისპირება თავიდან ყოფილიყო არიდებული, თუმცა 9 თებერვლისთვის ჩინეთსა და აშშ-ს შორის შეთანხმების შესახებ ცნობები არ ყოფილა. შედეგად, ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ გამოაცხადა, რომ ტარიფები პეკინის დროით 00:01 საათზე ძალაში შევიდა.

ფინანსური ბაზრები იმედოვნებდნენ, რომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპი იმავე სახელმძღვანელოს გამოიყენებდა, რაც კანადისა და მექსიკის შემთხვევაში გამოიყენა, როდესაც მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფები გამოაცხადა, მაგრამ ბოლო წუთის მოლაპარაკებების შემდეგ ტარიფების დაწესება ერთი თვით გადადო.

ტრამპს ნათქვამი ჰქონდა, რომ ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს, დაელაპარაკებოდა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ "არ ეჩქარებოდა" ჩინეთის ლიდერთან საუბარი.

თეთრ სახლში 31 იანვარს დაადასტურეს, რომ  1-ელი თებერვლიდან აშშ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს - კანადას, მექსიკასა და ჩინეთს - ტარიფებს დაუწესებდა, რასაც საფონდო ბირჟებზე აქციების ფასებზე ვარდნა მოჰყვა. თუმცა, კანადისა და მექსიკის წინააღმდეგ ტარიფები ტრამპმა მას შემდეგ გადადო, რაც იგი მექსიკის პრეზიდენტს კლაუდია შაინბაუმსა და კანადის პრემიერმინისტრს ჯასტინ ტრუდოს ესაუბრა.

ტრამპმა ბოლო პერიოდში სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების მუქარის ხშირი გამოყენება დაიწყო, რისი პირველი სამიზნეც კანადა და მექსიკა გახდნენ. ამის მიზეზი, ტრამპის თქმით, არალეგალური იმიგრაციისა და საზღვარზე ნარკოტიკების კონტრაბანდის გადატანის აღმოუფხვრელი პრობლემაა. აშშ-ს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მეზობელი სახელმწიფოები ამ მხრივ არასაკმარის ძალისხმევას დებენ პრობლემის გადაჭრაში.

ამას გარდა, 30 იანვარს ტრამპი 100%-იანი ტარიფების დაწესებით განმეორებით დაემუქრა BRICS-ის წევრ ქვეყნებსაც, მათ შორის, ბრაზილიას, რუსეთის, ინდოეთსა და ჩინეთს, თუკი ისინი სარეზერვო ვალუტად ამერიკული დოლარის ჩანაცვლებას შეეცდებიან.

ტრამპი ტარიფებით დაემუქრა დანიასაც, თუ მისი მთავრობა აშშ-სთვის გრენლანდიის დათმობაზე არ დათანხმდებოდა. მან ტარიფებით მუქარის ხერხს მიმართა კოლუმბიის წინააღმდეგაც, როდესაც პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ უარი თქვა აშშ-დან გაგზავნილი ორი სამხედრო თვითმფრინავის მიღებაზე, რომელშიც დეპორტირებული მიგრანტები იმყოფებოდნენ.

პეტროს მიერ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ტრამპმა ყველა კოლუმბიურ პროდუქტზე საგანგებო 25%-იანი ტარიფის დაწესების ბრძანება გასცა, ხოლო ქვეყნის მთავრობის წევრების, ასევე მათი მხარდამჭერებისა და ოჯახების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები დააწესა. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გააუქმა, რაც ორივე მხარე კოლუმბიელი მიგრანტების აშშ-დან დეპორტაციის პროცესზე შეთანხმდა.

კომენტარები